„ამღერებული მუზეუმი" - „დიდგორი" თბილისში კონცერტს გამართავს

© courtesy of Didgori Choirხალხური სიმღერის გუნდი „დიდგორი"
ხალხური სიმღერის გუნდი „დიდგორი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. მგალობელ მომღერალთა გუნდი „დიდგორი" პროექტ „ამღერებული მუზეუმის" ფარგლებში თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში კონცერტს 5 აგვისტოს გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.
„ამღერებული მუზეუმი" არის პროექტი, რომელიც განსაკუთრებით ქართული ფოლკლორის მოყვარულებს გაახარებს. რამდენიმე თვის განმავლობაში (ოქტომბრის ბოლომდე) მუზეუმი ანსამბლ „დიდგორის" შესრულებით ქართული ფოლკლორული სიმღერებით „გაცოცხლდება".
მგალობელთა გუნდი შეასრულებს ქართულ ფოლკლორში შემონახულ უნიკალურ ნიმუშებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ხალხურ სიმღერებს.
„დიდგორი"
მგალობელ მომღერალთა გუნდი „დიდგორი" 2004 წელს შეიქმნა. მისი დებიუტი 2006 წელს შედგა. "დიდგორის" საშემსრულებლო სტილი ტრადიციულია და საზრდოობს საარქივო ჩანაწერებით. ანსამბლი ეძებს და აღადგენს ძველ ოსტატთა ნამღერ ვარიანტებს.
2012 წლიდან ანსამბლი პროექტის "ჩემო კარგო ქვეყანავ" ფარგლებში მართავს კონცერტებს რეგიონების ადგილობრივ მომღერლებთან ერთად.
ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ნომინაციაში „ახალი თაობა" 2015 წელს „დიდგორს" გადაეცა ფონდ „ქართული გალობის" ჯილდო და სიგელი.
ანსამბლი 2015-2016 წლებში საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე პირველ ადგილზე გავიდა.
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ 1966 წელს ცნობილი ქართველი ეთნოგრაფის გიორგი ჩიტაიას ინიციატივით დაარსდა. მუზეუმი ათეულობით ჰექტარზეა გაშლილი და 14 ზონადაა დაყოფილი. ის საქართველოს მინიატურულ მოდელს წარმოადგენს და მის მრავალფეროვან ეთნოგრაფიულ კულტურას ასახავს.
ყველა ახალი ამბავი
0