ღარიბაშვილი: კარგი გეგმა გვაქვს „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის

  - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2023
გამოწერა
საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ „შუა დერეფნის“ პროექტს და კარგი გეგმა გვაქვს მისი განვითარებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვთან შეხვედრისას.

„თბილისში თქვენი ვიზიტისას ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი და ასევე ჩვენი ამბიციური გეგმები და პოტენციური პროექტები, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს ორივე ქვეყნისთვის – როგორც ყაზახეთისთვის, ასევე საქართველოსთვის“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გასულ წელს ხელი მოეწერა შესაბამის გზამკვლევსაც (საგზაო რუკას).
„ახლახან მე ვიზიტით ვიმყოფებოდი ჩინეთში, სადაც კარგი დისკუსია მქონდა ჩინეთის მთავრობასთანაც ჩვენი ერთობლივი პროექტის შესახებ და იქ ვახსენე ჩვენი გეგმა, გზამკვლევი (საგზაო რუკა) „შუა დერეფანთან“ დაკავშირებით. ამდენად, მჯერა, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც ახლაა“, – განაცხადა პრემიერმა.
„შუა დერეფანი" (ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი) არის გზა, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და შავი ზღვის გავლით გადის ევროპისკენ.
გუშინ ირაკლი ღარიბაშვილთან ალმათიში გამართულ შეხვედრაზე ყაზახეთის მთავრობის მეთაურმაც განაცხადა, რომ საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია – ორმხრივი ვაჭრობა იზრდება და თანამშრომლობა მყარდება ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის („შუა დერეფნის") განვითარებისთვის.
საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
ღარიბაშვილი ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სამთავრობო დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0