შანსი უფრო დიდია - ჯანდაცვის ხელმძღვანელი ონკოდაავადებული ბავშვების უფასო მკურნალობაზე
18:12 01.08.2023 (განახლებულია: 12:36 14.09.2023)
© photo: Sputnik / Aleksey Smirnov
/ გამოწერა
ამ პროექტისთვის ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მილიონი ლარი გამოყო.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ახალი სახელმწიფო პროგრამის შედეგად, რომელიც ონკოდაავადებული ბავშვებისთვის მსოფლიოს წამყვან კლინიკებში უფასო მკურნალობას ითვალისწინებს, პაციენტების გამოჯანმრთელების შანსი გაიზარდა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულებები გააფორმა სამი ქვეყნის კლინიკებთან, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს უფასოდ უმკურნალებენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოდაავადებული ბავშვების როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მკურნალობის ყველა ხარჯს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს.
„ის კლინიკები, რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში, მთლიანად ფარავს ბავშვთა ონკოლოგიის ნებისმიერ მიმართულებას და, ამდენად, გამოჯანმრთელების შანსი მაქსიმუმამდეა აყვანილი“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აზარაშვილმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სახელმწიფომ საფუძველი ჩაუყარა ისტორიულ პროექტს, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის ხარისხიან ჯანდაცვას უზრუნველყოფს. ამჟამად საქართველოში 300-მდე ასეთი ბავშვია. პირველი პაციენტი უკვე გაამგზავრეს თურქეთში სამკურნალოდ.
ამასთან, ონკოდაავადებული ბავშვები უცხოეთის კლინიკებში იმ დრომდე იმკურნალებენ, ვიდრე ქვეყანაში არ აშენდება ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი, განაცხადა აზარაშვილმა.
© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs of GeorgiaГлава минздрава Зураб Азарашвили
Глава минздрава Зураб Азарашвили
© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs of Georgia
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიური მიმართულების გაძლიერება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის გახსნამდე არცერთი პაციენტი არ დარჩეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გარეშე.
ონკოდაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის მთავრობა ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მლნ ლარს გამოყოფს. საქართველოს მთავრობა აფინანსებს დიაგნოსტიკას და მკურნალობის სტანდარტულ კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ქირურგიას, ასევე პროტონოთერაპიას პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.
ონკოდაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის მთავრობა ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მლნ ლარს გამოყოფს. საქართველოს მთავრობა აფინანსებს დიაგნოსტიკას და მკურნალობის სტანდარტულ კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ქირურგიას, ასევე პროტონოთერაპიას პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.
მთავრობა დააფინანსებს არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ ბავშვისა და მისი ერთი თანმხლები პირის ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯს. თუმცა გამონაკლისი ისრაელის კლინიკაა, სადაც მსგავსი ხარჯი არ ანაზღაურდება. ესპანეთის კლინიკაში მკურნალობისას ხელმისაწვდომი იქნება პროტონოთერაპია, რასაც ასევე სახელმწიფო დააფინანსებს.
უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის ერთი კურსი 100 ათასი ევრო ჯდება, რის გამოც მთავრობამ გადაწყვიტა სრულად დაეფარა მკურნალობის ყველა ხარჯი. მანამდე სახელმწიფო ამ ბავშვების მკურნალობის ხარჯების მხოლოდ ნაწილს ფარავდა. ამ მიზნებისთვის მთავრობა აქამდე წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ლარს გამოყოფდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
პროგრამის პირობები
პროგრამის პირობები
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი.
პროგრამაში მონაწილეობისთვის:
მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს (თბილისი, წერეთლის გამზირი №144) და შეავსოს განაცხადის ფორმა, რომელსაც ადგილზე გასცემენ;
ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა/პასპორტი);
ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული);
არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ. ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული).
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15-05.
ონკოდაავადებულთა განცხადებებს ქართველი და უცხოელი ექიმებისგან დაკომპლექტებული სპეციალური საბჭო განიხილავს, რომელიც იმსჯელებს კონკრეტული ბავშვის მდგომარეობაზე. პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით.