ერიდეთ მომღერალ და მოცეკვავე ქართველებს, ანუ როგორ იქმნებოდა საგმირო სიმღერები

  - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ტყუილად კი არ თქვა თურქმა ელღაზ სპასალარმა: „ქართველებს ერიდეთ მაშინაც, როდესაც მღერიან! ცეკვა კი – მაგათი ცეკვა უკვე ომია!“
პოპულარული ქართული სიმღერები „ხასანბეგურა“, „ალი-ფაშამ გვიღალატა“, „ქუთაისი გადამწვარა“ კონკრეტულ ამბებთან დაკავშირებით შეიქმნა და თითოეულს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.
სათითაოდ მოგახსენებთ.

„ალი-ფაშამ გვიღალატა“

ეს სიმღერა 1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს მომხდარ კვირიკეთის ბრძოლასთან და ალი-ფაშა თავდგირიძის სახელთანაა დაკავშირებული.
წარმოშობით გურული, გამუსლიმებული ალი-ფაშა ყირიმის ომში ოსმალეთის მხარეს იბრძოდა რუსების წინააღმდეგ და იქ გამოჩენილი ვაჟკაცობისთვის ქობულეთის ფაშობა ებოძა, რეგიონში ხონთქრის მარჯვენა ხელი გახდა.
ის სასტიკი მმართველი იყო, მექრთამე და უსამართლო. ხოლო რაც ფაშის ტიტული მიიღო, კიდევ უფრო დაუნდობელი გახდა. ანდაზაც კი გამოუთქვეს აჭარლებმა, „ალი-ფაშას სამართალი ფულით იყიდებაო“.
სწორედ მის სახელს უკავშირდება მუსლიმი ქართველების საცხოვრებლად ოსმალეთის იმპერიაში გადასახლება, ანუ მუჰაჯირობა. როგორც ზაქარია ჭიჭინაძე წერდა, ალი-ფაშა ხალხში დადიოდა და აფრთხილებდა, მუსლიმები აქ არ დარჩეთ, თორემ ცუდ დღეში ჩაცვივდებით, ყველას „გაგაქართველებენ“, ანუ, გაგაქრისტიანებენო.
„მე გაფრთხილებთ როგორც მუსლიმანი, რომ თავს უშველოთ. აქ, საქართველოში ცხოვრებას ოსმალში დაღუპვა უნდა არჩიოთ“.
ხალხიც ენდო ფაშას. თავდგირიძემ, როგორც კი დაინახა, ხალხმა დამიჯერაო, მაშინვე სტამბულისკენ გასწია, სულთანს ეახლა და განუცხადა, მთელი ჩემი მხრის ხალხს ოსმალეთში გადმოსახლება სურს და ამ საქმეში დაგვეხმარეო. ფრიად ეამა სულთანს ალი-ფაშას თავგამოდება და საქართველოში დაჯილდოებულ-დასაჩუქრებული გამოუშვა.
უკან დაბრუნებულმა ალი-ფაშამ ხალხის მიწებიდან ასაყრელად მომზადება დაიწყო. მუჰაჯირობის ტალღა კახაბერსა და მარადიდსაც კი გადასწვდა. მოსახლეობა საცხოვრებელსა და ქონებას ჩალის ფასად ჰყიდდა და ოსმალეთში მიდიოდა უკეთესი ცხოვრების იმედით. ქობულეთის მხარე თითქმის მთლიანად დაიცალა მაშინ, მარტო მაჭახელადან 2000 კომლი წავიდა.
მაგრამ უკეთესი ცხოვრების ნაცვლად, ჭირს გადაეყარნენ მუჰაჯირები — სიღატაკემ, გაჭირვებამ და სხვა ათასმა უბედურებამ ლამის მთლიანად გაწყვიტა ისინი. ოთხი წლის განმავლობაში 10 ათასზე მეტი მარტო ქობულეთელი დაიღუპა...
ყველა ამ ვარამის უკან კი ალი-ფაშა თავდგირიძე იდგა. ეს ბოროტება მან თავის გასამდიდრებლად ჩაიდინა, ოქროს მოხვეჭის სურვილმა დააღუპინა უამრავი თანამოძმე. ოსმალებმა ამაგი დაუფასეს — პენსიაც დაუნიშნეს და სამსუნში საუკეთესო მიწა და სახლ-კარი უფეშქაშეს, ქართველმა ხალხმა კი მწარე სიმღერა გამოუთქვა.

„ხასანბგურა“

სიმღერა უკავშირდება ჰასან-ბეგ თავდგირიძის სახელსა და შუხუთფერდის ბრძოლას, რომელიც 1854 წელს გაიმართა რუს-ქართველთა და ოსმალეთის ჯარებს შორის ყირიმის ომის დროს.
ჰასან-ბეგი აქტიურად მონაწილეობდა 1841 წელს დაწყებულ დიდ აჯანყებაში, რომელმაც მთელი გურია მოიცვა. გურულების დარდი ნაკლებად ჰქონდა, უბრალოდ, ხონთქრის ყურმოჭრილ მსახურს გურიიდან რუსების გაძევება და იქ ისევ ოსმალთა გაბატონება სურდა. მაგრამ გურიის აჯანყება დამარცხდა და ჰასან-ბეგიც ოსმალეთში გაიქცა.
ყირიმის ომის დროს თავდგირიძემ გურულებს შესთავაზა, რუსეთთან კავშირი გაწყვიტეთ და თურქეთის მხარეს იბრძოლეთო, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. მაშინ ჰასან-ბეგი „ბაში-ბუზუკთა“ 12 ათასიანი ჯარით შეესია გურიას. ნიკოლოზ ერისთავმა რენეგატს ბრძოლა ლანჩხუთის ტყეში გაუმართა და დაჯაბნა ოსმალები. იმათ შეტევას ვერ გაუძლეს და უკუიქცნენ.
გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც ისტორიაში „შუხუთფერდის ბრძოლის“ სახელითაა შესული, სოფელ შუხუთის ცენტრში, ცაცხვებთან გაიმართა. სწორედ იმ ბრძოლაში დაიღუპა ჰასან-ბეგ თავდგირიძე. გურულმა აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი დაკვრით გააგდებინა თავი და ახალციხე-გურიის რაზმების უფროსს, გენერალ ივანე ანდრონიკაშვილს მიართვა.
ჰასან-ბეგ თავდგირიძე იქვე დამარხეს, ცაცხვების ქვეშ, თავის „ბაში-ბუზუკებთან“ ერთად, ხოლო ხალხმა ქართული ფოლკლორის უბრწყინვალესი ნიმუში „ხასანბეგურა“ შექმნა.
იმის მერე შუხუთის ლეგენდარული ცაცხვების სიახლოვეს ყოველ აღდგომა დღეს ლელობურთის თამაში იმართება, რომელიც გურულებისათვის მოღალატე ჰასან-ბეგის ბურთივით გაგორებული თავის სიმბოლოს წარმოადგენს.

„ქუთაისი გადამწვარა“

ეს სიმღერა ლამის ყოველ მეორე ქართველს სმენია და უღიღინია, მაგრამ როდის შეიქმნა ან რას მიეძღვნა მისი ტექსტი, ცოტამ თუ იცის. ეს კია, ყველას ჰგონია, რომ ის აუცილებლად ქეიფთან და მოლხენასთან უნდა იყოს კავშირში.
რეალურად კი...
XX საუკუნის დასაწყისში ქუთაისში რამდენიმე მასშტაბური ხანძარი მოხდა. მათ შორის იყო 1908 წლის 22 თებერვალს მომხდარი უბედურება, როდესაც მწვანეყვავილას ისტორიულ, ულამაზეს უბანში ცეცხლს ებრაელთა თითქმის ყველა სავაჭრო ფარდული და დუქანი, საცხოვრებელი სახლი და სამლოცველო ემსხვერპლა. მაშინ ორმოცზე მეტი ებრაული ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.
ამ ხანძართან დაკავშირებით თავიდანვე რამდენიმე ვერსია არსებობდა. ერთ-ერთის თანახმად, ცეცხლი ბოლშევიკებმა გააჩინეს, თანაც სრულიად მიზანმიმართულად — ებრაელებისგან ვალად აღებული ფულების უკან დაბრუნება არ უნდოდათ და მევალეთა სიები რომ მოესპოთ, ამიტომ მთელ უბანს ცეცხლი წაუკიდესო.
სხვა ვერსიის მიხედვით, ცეცხლი დაუდევრობის შედეგად გაჩნდა უყურადღებოდ დატოვებული ანთებული სანთლისგან. ცეცხლი მაშინვე გადასდებია გვერდითა დუქნებსა და სავაჭრო დახლებს და თითქმის მთელი უბანი გადაუწვავს.
თუმცა არსებობს მესამე ვერსიაც. ზოგი ისტორიკოსის ვარაუდით, სიმღერა „ქუთაისი გადამწვარა“ XVIII საუკუნის ბოლოს მომხდარ მოვლენას უკავშირდება, როცა იმერეთის მეფის — სოლომონ პირველის პოლიტიკით უკმაყოფილო სვანებმა ქუთაისი გადაწვეს.
სამწუხაროდ, დღეს ძნელია დაბეჯითებით იმის თქმა, რომელი ვერსია უფრო ახლოსაა რეალობასთან, მაგრამ ერთი კი ფაქტია: ტრაგიკულად გადამწვარ ქუთაისზე ხალხმა სალაღობო სიმღერა შექმნა.
რატომ?
იქნებ იმიტომ, რომ ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, ნებისმიერ განსაცდელს, თვით სიკვდილსაც კი სიმღერით ვხვდებით და სიმღერითვე ვიქარვებთ დარდსა და ნაღველს.
ტყუილად კი არ თქვა თურქმა ელღაზ სპასალარმა:

„ქართველებს ერიდეთ მაშინაც, როდესაც მღერიან! ცეკვა კი – მაგათი ცეკვა უკვე ომია!“

ყველა ახალი ამბავი
0