საქართველოში ცხოველების წამებისთვის სასჯელი გამკაცრდა

© photo: Sputnik / Stringerძაღლები
ძაღლები - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2023
გამოწერა
დღემდე ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ჯარიმას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 1 აგვისტოდან ამოქმედდა შესწორებები, რომლებიც ცხოველების წამებაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
შესწორებების თანახმად, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ან ორი ან მეტი ცხოველის მიმართ, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ან ორი ან მეტი ცხოველის მიმართ, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
დღემდე ცხოველის მოკვლისთვის მაქსიმალური სასჯელი იყო ერთ წლამდე პატიმრობა და სამი წელი დამამძიმებელი გარემოებების დროს.
ყველა ახალი ამბავი
0