ეკონომიკის სამინისტრო: საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის

© photo: Sputnik / Stringer Astoria Grande
 Astoria Grande   - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2023
გამოწერა
გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება.
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც საქართველოს წყლებში იმყოფებოდა, სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.
27 ივლისს ბათუმის პორტში შემოვიდა საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელმაც რეისი სოჭი-თურქეთი შეასრულა. იმავე დღეს ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევაც კი სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აქცია ექსცესების გარეშე დასრულდა – ლაინერმა პარასკევს, ღამით ბათუმის პორტი დატოვა.
მინისტრის მოადგილის მტკიცებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შემოსავლების სამსახურთან ერთად ამოწმებს ქვეყანაში შემოსულ ყველა გემს და მათ მფლობელებს სანქციების კუთხით.
როგორც გურამიშვილმა აღნიშნა, ქვეყნისთვის ტურიზმი მნიშვნელოვანი სექტორია, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის ზრდაში და არ შეიძლება შერჩევითი მიდგომა.
„ტურისტებისთვის გზა გახსნილია როგორც საავტომობილო, ისე საჰაერო მიმოსვლისთვის, აუცილებელია, რომ ქვეყანა პოზიციონირებდეს საზღვაო მიმოსვლის თვალსაზრისითაც და აითვისოს ის პოტენციალი, რომელიც მას ტურიზმის დარგში საზღვაო მიმართულებით აქვს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ბათუმში ხვალ, 31 ივლისსაც შემოვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ტურისტული ლაინერის შემოსვლას კვლავ პროტესტით დახვდებიან.
Astoria Grande, რომელიც სოჭიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებს რეისებს, ბათუმის პორტში რეგულარულად შემოვა. ლაინერის მგზავრებს საქართველოს ვიზები არ სჭირდებათ.
გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0