ლევილის მამული ფართომასშტაბიან ფესტივალს უმასპინძლებს

© Georgian National Museum
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2023
გამოწერა
ფესტივალი ევროპაში მყოფი ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის ტარდება.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ლევილის ქართულ მამულში 29 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი ფესტივალი ჩატარდება, ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლევილის ქართული მამულის ისტორია 1921 წელს იწყება. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და თავშესაფარი საფრანგეთში ჰპოვა, სადაც ეს მამული შეიძინა. მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები 1991 წლიდან მიმდინარეობდა.
როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნეს, XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამული პირველად უმასპინძლებს ამ მასშტაბის კულტურულ ღონისძიებათა ციკლს.
ღონისძიებები 29 ივლისიდან მომდევნო ოთხი შაბათ-კვირის განმავლობაში გაიმართება. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს, გაიმართება სპექტაკლებიც - კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, ფესტივალში მონაწილეობენ მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან.
მაყურებლის წინაშე წარდგება ანსამბლი „მარგალიტი“, საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი, ეთნოჯაზჯგუფი „ირიაო“; ფოლკლორული ანსამბლი „იალონი“, ქუთაისის კამერული გუნდი, ქუთაისის ქორეოგრაფიული ანსამბლი, ამბროლაურის ანსამბლი, ქალთა ანსამბლები და ანსამბლი „ბასიანი“.
ფესტივალზე მიწვეული არიან დრამატული თეატრებიც: ნაჩვენები იქნება დმანისის თეატრის სპექტაკლები „ხალდე“ და „ჩემო კალამო, ცხინვალის დრამატული თეატრის სპექტაკლი „მატარებელი", ფოთის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ფიროსმანი", თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სპექტაკლები „იავნანამ რა ჰქმნა?!“ და „საქართველო“, თუმანიშვილის სახელობის თბილისის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლი „ყველაფერი ნამდვილი იყო".
ფესტივალს დახურავენ გელა ფოცხიშვილის ანსამბლი და საქართველოს ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“.
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
როგორც ადრე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ფესტივალი ევროპაში მყოფი ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის ტარდება.
ლევილის მამულის ისტორია
პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული ლევილის მამული საქართველოს დევნილი მთავრობის წევრებმა — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა იყო. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსთვის გადაცემის პირობებიც. მათ "მორალურ ანდერძში" დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.
ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII-ის სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი. სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.
ამჟამად ლევილში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მამულის ტერიტორიაზე 2026 წლის სექტემბრამდე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე – ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები, რითაც საქართველო ევროპაში შეიძენს მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს და გააგრძელებს დიდ ტრადიციას, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა და წარმომადგენლებმა ჩაუყარეს საფუძველი.
ყველა ახალი ამბავი
0