თბილისის მერია ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს იწყებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2023
გამოწერა
ხიდი 1953 წელს აშენდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად ხორციელდება.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძისა და აკაკი წერეთლის გამზირებს შორის მდებარე შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება, მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ოქტომბერში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 4 მლნ ლარია.
უწყების ცნობით, ხიდზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი ჩატარებულია. დარჩენილია მხოლოდ ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, რაც პროექტის დასასრულს მთელ ხიდზე ერთიანად განხორციელდება.

„მეორე ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარე წლის 31 ივლისიდან დაიწყება, რის გამოც, ხიდის ერთ მხარეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო რეაბილიტირებულ მხარეს გადაადგილება ორმხრივი გახდება", - ნათქვამია განცხადებაში.

პროექტის მიხედვით, 152 მეტრი სიგრძის ხიდის სრული რეაბილიტაცია ითვალისწინებს გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების განახლებას, თაღების დაზიანებული უბნების, მოაჯირებისა და პარაპეტების გარემონტებას, ფილების გაწმენდა-მოპირკეთებას და გარე განათების სისტემის მოწყობას.
1953 წელს აშენებული შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ავტორი არქიტექტორი არჩილ ქურდიანია. ორმალიანი რკინაბეტონის ხიდის დიდი თაღოვანი მალი (72 მ) გადადის მტკვრის კალაპოტზე. ხიდის საერთო სიგრძე 151,9 მეტრია, სავალი ნაწილის სიგანე – 20,5 მეტრი, ხოლო ტროტუარების – 3 მეტრი. ხიდი მოპირკეთებულია ბოლნისის ოქროსფერი ტუფით და რუხი გრანიტით.
ყველა ახალი ამბავი
0