წყენასა და ღალატს შეწირული გამარჯვებები, ანუ კრწანისის მარცხის ამბავ-მიზეზი

© unsplash/Ricardo Cruzხმალი
ხმალი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2023
გამოწერა
XVIII საუკუნის ბოლოს ქიზიყის მოურავი ყოფილა რევაზ ანდრონიკაშვილი — გონიერი, უნარიანი მოხელე და სახელოვანი მებრძოლი. ლეკებთან შეტაკებაში მუხლში დაჭრილს ისე უბრძოლია, ვერავის შეუტყვია მძიმე ჭრილობა.
მოურავს ომიანობის დროს ლაშქრის შეყრა ევალებოდა, მშვიდობიანობისას — გადასახადების აკრეფა, საიდანაც წილი ერგებოდა გასამრჯელოდ. ასე რომ, ქიზიყის მოურავს გავლენაც ჰქონდა და სარჩოც არ აკლდა. მით უმეტეს, რომ ბატონიშვილმა გიორგიმ მისი და, ქეთევანი შეირთო ცოლად.
სწორედ ამ გავლენის გამო დაუპირისპირდა რევაზ ანდრონიკაშვილს დარეჯან დედოფალი — მეფე ერეკლეს მესამე ცოლი და, შესაბამისად, უფლისწულ გიორგის დედინაცვალი და მისი უმთავრესი მოწინააღმდეგე. დარეჯანმა რევაზს მოურავობა წაართვა და საკუთარ სიძეს — ზაქარია ანდრონიკაშვილს ჩააბარა.
ძალიან განაწყენებულა რევაზ ანდრონიკაშვილი, მეფის ოჯახი უსამართლოდ მომექცაო, ჩაუთვლია და იმის შემდეგ ერეკლე მეორეს სულ აუგად ახსენებდა თურმე.
როცა აღა მაჰმად ხანი თბილისისკენ დაიძრა მოსაოხრებლად, რევაზ ანდრონიკაშვილს ჯარის შეყრა და მეფესთან გამოცხადება ებრძანა, მაგრამ...

„უშველოს ზაქარია მოურავმან, — იტყოდა რევაზ, — ქვეყანასა: როცა გაუჭირდათ მაშინ მომიგონეს“.

პლატონ იოსელიანი
`ცხოვრება მეფის გიორგის მეათცამეტისა"
ამის შემდეგ, პლატონ იოსელიანის გადმოცემით, ანდრონიკაშვილი ყარაბაღიდან და შამშადილიდან ქართლში დასახიზნად გამორეკილ საქონელს დაუხვდა, მოიტაცა და კახეთს გაირეკა პირუტყვი — ქიზიყელებს დაუნაწილა, როგორც ნაალაფარი.
შეიტყო ეს ამბავი მეფემ, მაგრამ „არ იყო დრო საქმისა განხილვისა“, რაგან სპარსთა ლაშქარი უკვე მოახლოვებოდა ტფილისს.
ქიზიყის ახალმა მოურავმა ზაქარიამ — „კაცმან მხნემან და არა ეგოდენ ძლიერმან ხმლითა და ღირსებითა ვითარცა რევაზ“, მარტყოფიდან ვიდრე ქიზიყამდე 600 კაცს მოუყარა თავი და ტფილისს ეახლა მეფეს. რევაზ ანდრონიკაშვილი და უფლისწული გიორგი კი ქიზიყს დარჩნენ, ბრძოლაში მონაწილეობა არც თავად მიიღეს და არც ქიზიყელთა რაზმი აწვიეს მეფეს. იქვე შეიტყვეს აღა მაჰმად ხანისგან ერეკლეს დამარცხების ამბავიც.
კრწანისის მარცხში რევაზ ანდრონიკაშვილს ადანაშაულებდნენ მერე, ის რომ ორი ათასი ქიზიყელით დახმარებოდა ერეკლეს, ქართველები ბრძოლას არ წააგებდნენო.
ამბობენ, ერთ დღეს დავით ბატონიშვილი ქიზიყის ყოფილ მოურავს გადაეყარა გზად და სახეში სილა გააწნა ღალატისთვისო. ვერ გაუბედავს ანდრონიკაშვილს თქმა, მოურავობა რომ წამართვით, იმიტომაო.
ან რა სათქმელი იყო?!
კრწანისის ტრაგედიის მერე ისე უკან წავიდა ქვეყნის საქმე, რომ მოკლე ხანში საერთოდაც გაგვიუქმეს სამეფო, დაპირისპირებული უფლისწულები თუ სარდლები და დედოფლები ერთიანად უცხოობაში გადაიხვეწნენ და ქართველებს მოურავობაც უკან დაგვრჩა და მეფობაც...
***
XVI საუკუნის პირველ ნახევარში სამცხე ოსმალეთისა და სპარსეთის საჯილდაო ქვად იქცა და ხელიდან ხელში გადადიოდა. ლუარსაბ ქართლის მეფეს ყველაზე კარგად ესმოდა, რას ნიშნავდა საქართველოსთვის მესხური ციხე-სიმაგრეების დუშმანთა ხელში მოქცევა. ისიც იცოდა მამაცმა ხელმწიფემ, რომ ქაიხოსრო II ათაბაგი და ოთარ შალიკაშვილი უმალ ოსმალთა ან ყიზილბაშთა უღელში გაყოფდნენ თავს, ვიდრე ქართველ მეფებს შეეგუებოდნენ.
1551 წელს ლუარსაბი აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა. დიასამიძენი და ავალიშვილები შემოიკრიბა გვერდით და მათი დახმარებით გამოსტაცა ხელიდან ოსმალებს ჯავახეთი, სამცხე, კოლა, არტაანი... და ქაიხოსრო ათაბაგმაც მართლაც მაშინვე სპარსეთის შაჰს შეუთვალა, მიშველე, თურქები და ქართველები იმიტომ მემტერებიან, თქვენი ერთგული რომ ვარო.
შაჰ თამაზი საქართველოსკენ ქვიშაზე ურიცხვი ჯარით დაიძრა. სპარსელები სამცხეს ცეცხლითა და მახვილით შეესივნენენ და, მიუხედავად მესხთა თავგანწირვისა, მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა — ბევრი ციხე დაეცა მაშინ, კარგად გამაგრებული ვარძიაც კი.
უამრავი ტყვე იგდეს ხელთ ყიზილბაშებმა. ტყვეთა შორის იყვნენ მეფის ერთგული ქართველი სარდლები – ომან, ვახუშტი, შერმაზან და შერმაზანის ძე (სახელი უცნობია) დიასამიძეები, ერთიც ავალისშვილი. ხუთივენი შაჰ თამაზს მიჰგვარეს, რომელსაც გვერდს ქაიხოსრო II ჯაყელი „უმშვენებდა“. უამრავი ძღვენითა და მისართმევლით ხლებოდა შაჰს გახარებული ჯაყელი, რომელსაც თავისი გაენაღდებინა: საათაბაგოში ქართლის მეფის ბატონობაც დაემხო და „მოღალატე“ მესხ თავადებსაც დაბორკილ-დაკნინებულებს ხედავდა.
გახარებული და ნასიამოვნები იყო შაჰიც. ქაიხოსროსთვის უკითხავს თამაზს, ტყვეთაგან რომელი დავსაჯოთ სიკვდილითო. ათაბაგს სამი დიასამიძე „შეურჩევია“ და ჯალათსაც მყისიერად დაუყრევინებია თავები მათთვის.
დიასამიძეთა სიკვდილით დასჯის შემდეგ შაჰ თამაზმა მათი სამფლობელოები ქაიხოსროს უფეშქაშა...
* * *
არსებობს ცნობა, რომ გიორგი სააკაძის ბრძანებით ნარიყალაში გამაგრებული ყიზილბაშებისთვის წყალი შეუწყვეტიათ. უწყლობით გატანჯული მტერი უკვე დანებებას აპირებდა თურმე, მაგრამ შინაგამცემს უმარჯვია.
ყიზილბაშთა სარდალი ერთ გორელ ვაჭართან, გვარად გორგიჯანიშვილთან მეგობრობდა და მისთვის შეუთვლია, რამე იღონე, ციხე დაცემას გადაარჩინე და სამაგიერო ჩემზე იყოსო.
გორგიჯანიშვილსაც ერთი სანდო კაცის დახმარებით წყაროს ღარები აღუდგენია და წყალი ისევ შეუშვია ციხეში. მეორე დღეს სააკაძის მეომრებს აღდგენილი სადინარი შეუნიშნავთ და ისევ აუყრიათ, მაგრამ ალყაში მოქცეულ ყიზილბაშებს უკვე მოესწროთ წყლის მომარაგება.
თბილისელი მოქალაქე გარსია ანიაშვილი ყიზილბაშთა მეციხოვნე ჯარის უფროსთან ყონაღობდა თურმე და მასთან „იდუმალ შეზრახებულიც“ ყოფილა: თუ ქალაქში სათქვენოდ სასიკეთო და საიმედო ამბავი მოხდება, წითელი სამოსელით დაგენახვები, თუ არადა, უბრალოდ ჩაცმულს მიხილავთო.
შეუტყვია გიორგი სააკაძეს ანიაშვილის მუხანათობის ამბავი, დაუჭერია და ღალატისათვის თავი გაუგდებინებია, გორგიჯანაშვილი კი ძელზე თავდაღმა ჩამოუკიდინებია და ისე ჩამოუტარებინებია ქალაქის ქუჩებში...
ყველა ახალი ამბავი
0