საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების დაცვის საკითხში მაღალი შეფასება მიიღო

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკის და იუსტიციის სახლის შენობა
ეროვნული ბანკის და იუსტიციის სახლის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2023
გამოწერა
საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება საფინანსო ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მაღალი შეფასება მიიღო ქვეყნის მიერ საერთაშორისო ფინანსური სანქციებისა და ზედამხედველობის დაცვის კუთხით, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც დადებითაა შეფასებული ეროვნული ბანკის საქმიანობა.

„ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და გატარებულ ფისკალურ-მონეტარულ პოლიტიკას. საინვესტიციო გარემოს ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები სრულად იცავენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებს", – ნათქვამია განცხადებაში.

მარეგულირებლის თქმით, ანგარიშში სანქციების ეფექტიანად აღსრულების კუთხით დადებითად ფასდება ეროვნულ ბანკში შექმნილი ახალი განყოფილება, რომელიც ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს საერთაშორისო სანქციების აღსრულებას და ასევე ეხმარება საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს – გააცნობიერონ და შეასრულონ სანქციების რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
„საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება საფინანსო ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს. ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის შესაბამის ინსტიტუციებთან, როგორებიცაა: OFAC, OFSI და ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან. ეროვნული ბანკი ამ თანამშრომლობის საფუძველზე იღებს კონკრეტულ საკითხებზე მითითებებს სანქციებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად", – აღნიშნულია განცხადებაში.
დოკუმენტში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ზომები, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკურ ჩარჩოს და ინფლაციის მიზნობრივ რეჟიმს.
გარდა ამისა, სებ-ის მონაცემებით, ანგარიშში განხილულია ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა, რის შედეგადაც საფინანსო სექტორი და საბანკო სისტემა წარმატებით უმკლავდება გლობალურ გამოწვევებს.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
ყველა ახალი ამბავი
0