ყოფილი ძნელად აღსაზრდელის რჩევები მშობლებს: ცნობილი ფსიქოლოგის 10 მცნება

  - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2023
გამოწერა
ცნობილი ფსიქოლოგი, იურისტი, ტელე- და რადიოწამყვანი მიხაილ ლაბკოვსკი, რომელიც თავად იყო ბავშვობაში „უმართავი და ძნელად აღსაზრდელი“, რის გამოც საკუთარ დედ-მამას პრობლემას ხშირად უჩენდა, რამდენიმე რჩევას აძლევს მშობლებს.
ეს რჩევები დაგეხმარებათ შეურჩიოთ „სწორი“ სკოლა შვილს, გასწავლით როდის უნდა „შეეშვათ“ ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მასწავლებელს თქვენი შვილი არ უყვარს.
აი, რას ამბობს ლაბკოვსკი ბავშვის, სკოლისა და სწავლის შესახებ:
1.
ნუ დატვირთავთ შვილებს სკოლამდე ნურაფრით. არანაირი ჭადრაკი, უცხო ენები და სხვა ინტელექტუალური განვითარება. 6-7 წლამდე ბავშვის ტვინი ფიზიოლოგიურად არ არის მზად, აღიქვას დიდი და მოცულობითი ინფორმაცია. თქვენ დაკარგავთ ფულს, ის კი - ბავშვობას.
2.
ნუ დაიწყებთ „მაგარი სკოლის“ ძებნას პირველკლასელისთვის. დაწყებით კლასებში ბავშვისთვის მთავარია ფსიქოლოგიური კომფორტი. ამიტომ შეარჩიეთ ნორმალური სკოლა სახლთან ახლოს, რათა ბავშვმა დიდი დრო და ბევრი ძალა არ დაკარგოს გზაში. თანაც, ის ბევრად იოლად დაამყარებს კონტაქტს კლასელებთან, თუ ისინი მეზობლები იქნებიან.
3.
პირველი მასწავლებელი უნდა იყოს კეთილი და არა „ძლიერი“. თქვენ გჭირდებათ უბრალოდ ადეკვატური ქალი, რომელსაც უყვარს ბავშვები და სკოლაში მოწოდებით მუშაობს. ასეთის მოსაძებნად მიდით სკოლაში გაზაფხულზე და ჰკითხეთ მშობლებს იმ მასწავლებლების შესახებ, რომლებიც მეოთხე კლასთან მუშაობას ამთავრებენ.
4.
სკოლა – ეს თქვენი შვილის პასუხისმგებლობაა და არა თქვენი. პირველი კლასის პირველი ორი კვირის განმავლობაში შვებულებაც კი შეგიძლიათ აიღოთ, მაგრამ მერე შვილს უნდა მოელაპარაკოთ: „თუ მე არ შემეხება შენი სკოლა, მე არ შეგეხები შენ“.
5.
ნუ იმეცადინებთ შვილთან ერთად, ნუ ჩაულაგებთ ჩანთას. თქვენმა შვილმა დამოუკიდებლად უნდა იცხოვროს მომავალში და, მეტიც, თქვენც უნდა მოგხედოთ. ხოლო თუ ბავშვობაში მის მაგივრად ყველაფერს თქვენ გააკეთებთ, ბევრ პრობლემას შეუქმნით.
6.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შვილს დაეხმაროთ, მაგრამ აქ პრინციპული მომენტი ისაა, რომ თავად შვილმა უნდა გთხოვოთ, რაღაც არ მესმის და დამეხმარეო. თუ არაფერს გთხოვთ, ე.ი. ყველაფერი ნორმალურადაა და საჭირო არ არის, რომ გამოკითხვა მოუწყოთ – „როგორაა საქმეები“ და ა.შ.
7.
თუ მასწავლებელს თქვენი შვილი არ უყვარს, პრობლემა უნდა მოაგვაროთ. თავდაპირველად სცადეთ დაელაპარაკოთ მასწავლებელს, მერე კი დირექტორს. თუ აქედან არაფერი გამოვა, წაბრძანდით ზემდგომ ორგანოებში. ან, უბრალოდ, შეუცვალეთ ბავშვს კლასი, ან სულაც სკოლა. არაფრით დატოვოთ ის ხანგრძლივი პერმანენტული სტრესის მდგომარეობაში.
8.
პუბერტატი – ეს ყველაზე რთული და მძიმე პერიოდია თქვენი შვილის ცხოვრებაში. ის დაახლოებით 12-14 წლის ასაკში იწყება და 15-16 წლამდე გრძელდება. ეს არის რთული ფსიქიკური და ფიზიკური ცვლილებების პერიოდი; აქედან იწყება ფსიქოლოგიური პრობლემები, ჰორმონული დისბალანსი, გადაღლილობა. ამასთან, ამ პერიოდს ემთხვევა ჯერ სასკოლო, მერე კი ეროვნული გამოცდებიც. დიახ, შესაძლოა თქვენმა შვილმა სწავლას მოუკლოს, მაგრამ გირჩევთ: თუ კონფლიქტები და რთული პრობლემები არ გინდათ, მათ შორის სუიციდის მცდელობები, უბრალოდ შეეშვით შვილს. თქვენი ამოცანა ამ ასაკში ისაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გადაიტანოთ და დაასრულოთ ეს კოშმარი.
9.
თუ ბავშვს არ უნდა, აუცილებელი არ არის, მისი ნიჭი სპეციალურად განავითაროთ და უნარების რეალიზება მოახდინოთ... საჭირო არ არის დაიძაბოთ, პედაგოგები მოძებნოთ და გაფაციცებით ელოდოთ, „სად იფეთქებს ნიჭი“. დიდი ალბათობით, არსადაც არ იფეთქებს და ამაში არაფერია ტრაგიკული.
10.
ყველაზე მთავარია, შვილის ისე მიღება ისწავლოთ, რომ არაფერს ელოდოთ მისგან. საკუთარი პირმშოს სიყვარულისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ სწავლობს და როგორ იქცევა ის. შვილი უნდა გიყვარდეთ ისეთი, როგორიც არის და არ უნდა იწვევდეს თქვენ გაღიზიანებას.
ყველა ახალი ამბავი
0