საყვარელი ადამიანის თანდასწრებით ტკივილის ხარისხი იკლებს: საინტერესო ექსპერიმენტი

  - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2023
გამოწერა
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ადამიანები შედარებით იოლად უმკლავდებიან ტკივილს, თუ გვერდით ძვირფასი ადამიანი ჰყავთ — სიტყვიერი თუ ფიზიკური კონტაქტის გარეშეც კი, ნათქვამია სამეცნიერო სტატიაში, რომელიც ჟურნალ Scandinavian Journal of Pain-ში გამოქვეყნდა.
სწავლულებმა აღნიშნული დასკვნა ექსპერიმენტზე დაყრდნობით გააკეთეს, რომელშიც 48 წყვილი მონაწილეობდა. მეცნიერები წყვილიდან ერთ პარტნიორს ტკივილისადმი მგრძნობელობას სპეციალური ალგომეტრით უზომავდნენ, რომელიც თანდათანობით მზარდი ძალით ზემოქმედებდა საცდელი პირის ფრჩხილებზე. და როცა ტკივილი აუტანელი ხდებოდა, პაციენტი „ეგზეკუციის“ შეწყვეტას ითხოვდა.

საკვლევი პირები გამოცდას სპეციალისტისა და პარტნიორის პასიური თანდასწრებით გადიოდნენ. მეორე ნახევრებს ეკრძალებოდათ ხელის მოკიდება და საუბარი, მათ მხოლოდ ერთი მეტრის დაშორებიდან შეეძლოთ ეყურებინათ ერთმანეთისთვის. გარდა ამისა, იგივე სახის ექპერიმენტი ჩატარდა პარტნიორის გარეშეც.

გამოცდის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს, ათბალიანი სისტემით შეეფასებინათ ტკივილის ხარისხი და უსიამოვნო ემოციები, ასევე პარტნიორების ემპათიისა და თანაგრძნობის დონე.
მკვლევარებმა ალგომეტრით მიღებული ფაქტობრივი მონაცემებისა და საცდელი პირების სუბიექტური შეფასებების შეჯერების შემდეგ დაასკვნეს, რომ ექსპერიმენტის მონაწილეებს, როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს, ტკივილის გაძლების ზღვარი ეზრდებოდათ, თუ პარტნიორი ახლოს ჰყავდათ. ანუ, პარტნიორის თანდასწრებით მათ შეეძლოთ მოეთმინათ უფრო ძლიერი ტკივილი, ვიდრე მარტო ყოფნისას.
აღსანიშნავია, რომ გაუტკივარების ეფექტი უფრო მაღალი იყო მაშინ, როცა საყვარელი ადამიანი, საცდელი პირის აზრით, დიდ თანაგრძნობას იჩენდა.

ავსტრიის სამედიცინო მეცნიერებების, სამედიცინო ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების აკადემიის პროფესორი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი სტეფან დიუშეკი (Stefan Duschek) ამბობს:

„მანამდე არაერთხელ დადასტურდა, რომ საუბარი და შეხება ტკივილს ამცირებს. მაგრამ ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ პარტნიორის პასიური თანაგრძნობაც კი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას“.

მკვლევარების აზრით, ასეთ შემთხვევაში დიდ როლს ასრულებს პარტნიორთან ყოველდღიური ურთიერთობა. თუ ერთი ადამიანი მეორის მიმართ ყურადღებასა და ემოციურ მხარდაჭერას იჩენს „ყოფით“ დონეზე, მეორე ადამიანი იგივეს ელის კრიზისულ სიტუაციებშიც. ეწორედ ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ თანამგრძნობელი ადამიანის უბრალოდ გვერდით ყოფნასაც კი შეუძლია დათრგუნოს ტკივილი.
წყარო: Scandinavian Journal of Pain
ყველა ახალი ამბავი
0