„ახალ ტფილისში" განლაგებული კაფეები ღია სივრცეში უნებართვოდ მუშაობენ - კალაძე

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2023
გამოწერა
ობიექტების მესაკუთრეებს ეძლევათ ვადა, მოაწესრიგონ როგორც დოკუმენტაცია, ასევე ვიზუალური მხარე.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. აღმაშენებლის გამზირის ნაწილზე, რომელიც გამზირისა და ჭოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთს მოიცავს, 40-მდე ღია კაფე ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფუნქციონირებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძის თქმით, ქუჩაზე ქაოსურად გამოტანილი ღია კაფეები გადაადგილებისას პრობლემას უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე, ზოგადად, ამ ქუჩაზე მოსიარულეებს.

„ბიზნესს რატომ უნდა შევუშალოთ ხელი ან რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულება და ამგვარი მიდგომები კატეგორიულად მიუღებელია", – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისი წინამორბედის დავით ნარმანიას მერობის პერიოდში ამ სივრცეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და „ერთი სიამოვნება იყო აქ გასეირნება“.
პანდემიის პერიოდშიც მერია კაფეების მფლობელებს გვერდით დაუდგა, რომ აღნიშნული სივრცეები გარეთ მოეწყოთ, რადგან დახურულ სივრცეში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებდა.

„იმისათვის, რომ თქვენს ბიზნესს, თქვენ, იქ დასაქმებულ ადამიანებს არ შეგქმნოდათ პრობლემა, მოგეცით საშუალება, რომ გარე სივრცეები გამოგეყენებინათ, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა როგორც ვიზუალური, ასევე გადაადგილების თვალსაზრისით – იმდენად არის გამოწეული ორივე მხარეს, რომ გავლა შეუძლებელია სახანძრო ან სასწრაფო დახმარების საჭიროების დროს", – მიმართა კალაძემ მფლობელებს.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული ობიექტების მესაკუთრეებს ეძლევათ ვადა, რათა მოაწესრიგონ როგორც დოკუმენტაცია, ასევე ვიზუალური მხარე.
„არავინ არაფერში გზღუდავთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანონის ფარგლებში. ბიზნესის კეთება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის დამახინჯების ან იქ მცხოვრები ადამიანების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე", – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ მდგომარეობა უცვლელი დარჩება, მუნიციპალური ინსპექცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0