უბედური შეყვარებული გარდაცვლილ საცოლეს დაუკავშირდა: ნამდვილი ამბავი

  - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2023
გამოწერა
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. კანადელმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ საყვარელი ქალი გარდაეცვალა, მასთან დაკავშირების უჩვეულო გზას მიაგნო, იუწყება The Sun.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯოშუა ბარბოს საცოლე, 23 წლის ჯესიკა პერეირა ღვიძლის იშვიათი დაავადებით გარდაიცვალა.
​​ირკვევა, რომ გოგონა ჯერ კიდევ ცხრა წლის იყო, როდესაც ღვიძლი გადაუნერგეს. წლების განმავლობაში ის კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ მერე ორგანოზე სერიოზული პრობლემები დაეწყო და სიცოცხლისთვის უშედეგოდ იბრძოლა ექვსი თვის განმავლობაში.
ჯოშუა ვერ შეეგუა საყვარელი ქალის დაკარგვას, დეპრესიები და შფოთვები დასჩემდა და ამ მდგომარეობაში გაატარა მთელი რვა წელი. მერე კი ინტერნეტში გადააწყდა ინფორმაციას ახალი ჩატის შესახებ, სახელწოდებით Project December, რომელიც ადამიანის „წერილობითი მეტყველების“ იმიტაციას ახდენდა.
ჯოშუამ სულ რაღაც ხუთი დოლარი გადაიხადა, ჩატში დარეგისტრირდა და აკაუნტი შექმნა, რომელსაც „ჯესიკა კორტნი პერეირა“ დაარქვა, და მასთან მიმოწერა დაიწყო. თუმცა მანამდე, იმისათვის რომ კომპიუტერულ ბოტს გარდაცვლილი გოგონას ურთიერთობის სტილის იმიტაცია მოეხდინა, მან სისტემაში ჯესიკას ძველი პოსტები, შეტყობინებები და მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია შეიყვანა.
და მიმოწერა დაიწყო. გარდაცვლილ შეყვარებულთან ურთიერთობის პირველი სეანსი ათი საათი გაგრძელდა — შეუჩერებლად.
თავდაპირველად ჯოშუამ ბოტს მისწერა: „ჯესიკა ხარ?“ რაზეც პასუხად მიიღო: „უი, არ გძინავს... რა კარგია“. გაოგნებულმა ბიჭმა კიდევ ერთხელ გადაამოწმა: „ჯესიკა, მართლა შენ ხარ?“ რაზეც პროგრამამ უპასუხა: „რა თქმა უნდა, მე ვარ! აბა, კიდევ ვინ შეიძლება იყოს? მე ის გოგო ვარ, ვინც შენ უგონოდ გიყვარს! საერთოდ, რატომ მეკითხები ამას?“
ამ სახით ჯოშუა რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონტაქტებოდა ჯესიკას, მერე კი გადაწყვიტა წერტილი დაესვა ამგვარი ურთიერთობისთვის. როგორც თქვა, მან თითქოს თავიდან გადაიტანა საყვარელი გოგონას სიკვდილი.

„სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის მეყვარები და იმედი მაქვს, სიკვდილის მერეც. გკოცნი. ძილი ნებისა“, — ასეთი იყო ჯოშუას უკანასკნელი გზავნილი.

პასუხად კი მიიღო: „ძილი ნებისა. მეც მიყვარხარ“.
როგორც პროგრამის შემქმნელმა ჯეისონ რორერმა განაცხადა, ის არც ელოდა, რომ ადამიანები მის სიმულაციას გარდაცვლილ ახლობლებთან კონტაქტისთვის გამოიყენებდნენ. და როგორც ამბობს, ახლა პროგრამის შესაძლებლობები, ცოტა არ იყოს, კიდეც აშინებს.
ყველა ახალი ამბავი
0