არ გადააჭარბოთ ხმაურის დასაშვებ ნორმას: თბილისში სანქციები გამკაცრდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2023
გამოწერა
კახა კალაძის თქმით, დღეს მოქმედი ჯარიმები არაეფექტურია.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. თბილისის მერიამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმების გაზრდას. პროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს პერიოდში წარედგინება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოში 2017 წელს ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი „საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულებებში აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ", რომელიც განსაზღვრავს საქართველოში ხმაურის დასაშვებ ნორმებს.
კალაძის თქმით, ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად აქტუალური ხდება ხმაურის დონის გადამეტების პრობლემა კერძო თუ საზოგადოებრივ სივრცეებში.

„ფაქტია, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის დადგენილი სანქციები უშედეგოა და არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს, რათა კანონდამრღვევმა თავი შეიკავოს განმეორებითი დარღვევისგან. ხშირ შემთხვევაში ეს ობიექტები კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესებს", – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, სამწუხაროდ, ბევრ შემთხვევაში კაფეები, ბარები, რესტორნები, კლუბები და ა.შ. არ იცავენ აღნიშნულ კანონს.

„ამ ობიექტებში ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში – დილით, შუადღით, საღამოს თუ ღამით არის ერთნაირად შეზღუდული და არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს", – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერმა დაამატა, რომ სანქციების მიზანია არა ბიზნესისთვის ზიანის მიყენება, არამედ ადამიანის უფლებების დაცვა.
კანონპროექტის თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ ჯერზე, ამჟამინდელი გაფრთხილების ნაცვლად, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 1,5 ათასი ლარით.
იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარით, იურიდიული პირი კი 5 ათასი ლარით.
ყოველი შემდგომი კანონდარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის 1 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის 10 ათასი ლარით დაჯარიმებას.
ხმაურის დასაშვები ნორმა
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღისა (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისთვის.
კანონის თანახმად, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება:
დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე;
ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე.
აღსანიშნავია, რომ აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის ფაქტებზე მოქალაქეებს შეუძლიათ აცნობონ პოლიციას, რომელსაც ევალება კიდეც მოახდინოს რეაგირება დარღვევაზე.
ხმაურის დასაშვებ ნორმად ბინებსა და სახლებში ითვლება არაუმეტეს 35 დეციბელისა დღისით და არაუმეტეს 30 დეციბელისა ღამით. სავაჭრო ობიექტებში — 55 დეციბელი, სამედიცინო დაწესებულებებში — 40, ხოლო სასწავლო დაწესებულებებში — 35 დეციბელი.
ბარებისა და რესტორნებისთვის შეზღუდვები დაწესდება იმის გათვალისწინებით, თუ რა მანძილითაა ისინი დაშორებული მეზობლად მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან. დაბალსართულიანი შენობების მახლობლად დღისით დაშვებული იქნება 50 დეციბელამდე ხმაური, ღამით კი — 40 დეციბელი. მრავალსართულიანი სახლების მახლობლად: დღისით — 55 დეციბელი, ღამით — 45.
ამჟამად კანონდარღვევა პირველ ჯერზე გაფრთხილებას ითვალისწინებს, გამეორების შემთხვევებში კი დაწესებულია ფულადი ჯარიმა — 150 ლარი ფიზიკური პირისთვის და 500 ლარი იურიდიული პირისთვის. ყოველ მომდევნო შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.
ღამის საათებში ნებისმიერი პიროტექნიკის გამოყენება, გარდა ახალი წლისა, ძველი სტილით ახალი წლისა, 9 აპრილისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა, ისჯება ჯარიმით 150 ლარის ოდენობით — ფიზიკური პირების შემთხვევაში და 500 ლარით — იურიდიული პირების შემთხვევაში. განმეორებით დარღვევისას ჯარიმა ორმაგდება.
ყველა ახალი ამბავი
0