ოფლიანობა ძილის დროს: მიზეზები და რჩევები

  - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2023
გამოწერა
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. როდესაც ცხელა, ან ვარჯიშობთ, ან ფიზიკურად დატვირთული ხართ, ოფლიანობა ჩვეულებრივი მოვლენაა და არავის უკვირს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი მოსვენებულ მდგომარეობაში და თითქოს უმიზეზოდ ოფლიანობს, რაც უკვე საყურადღებოა, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, ასეთთა შორისაა ხშირი ოფლიანობა ძილის დროს.
ღამის ცხელება, შესაძლოა, გრიპის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს, და ასეთ შემთხვევაში ოფლიანობა ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა ინფექციაზე. მაგრამ თუ ოფლიანობა 2-3 ღამეზე მეტხანს გრძელდება, მაშინ სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე — შესაძლოა, ეს რაიმე სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს.
ჭარბ ოფლიანობას იწვევს ასევე ჰორმონული პრობლემები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დონის კლება); სიმსივნე — ლიმფომა, ლეიკემია და სხვ.
ოფლიანობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოვლენაა მენოპაუზის დროს და დაკავშირებულია ქალის სხეულში სერიოზულ ჰორმონულ ცვლილებებთან. ესტროგენების გამომუშავების მკვეთრმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთალამუსის მუშაობის დარღვევა, რომელიც ადამიანის სხეულის ტემპერატურის კონტროლზე აგებს პასუხს, ამის შედეგად ქალებს ხშირად აღენიშნებათ ტემპერატურის უმიზეზო აწევა.
თუმცა იმის თქმა, რომ ჰორმონული ცვლილებები მხოლოდ ქალების ძილზე მოქმედებს, არ შეიძლება, რადგან ჰორმონული დარღვევებისგან არც მამაკაცის ორგანიზმია დაცული.
ზოგიერთ მამაკაცს, რომელსაც ტესტოსტერონის უკმარისობა აქვს, ან იღებს პრეპარატს, რომელიც „მამაკაცის ჰორმონის“ გამომუშავებას ბლოკავს, იგივე პრობლემა შეიძლება გაუჩნდეს. შეიძლება ბევრ მამაკაცს გაუჭირდეს იმ ფაქტის აღქმა, რომ ანდროგენების უკმარისობას ნამდვილად შეუძლია ძილის დროს ოფლიანობის გაზრდა, მაგრამ ეს ასეა.

კიდევ რა იწვევს ოფლიანობას?

გაძლიერებული ოფლიანობა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა სამკურნალო პრეპარატმა, რომლებიც სისხლძარღვების გაფართოებას უწყობს ხელს. ასეთი პრეპარატები შეიძლება იყოს გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო აბები, ასევე ანტიდეპრესანტები.
ოფლიანობა ძილის დროს ძლიერდება ტუბერკულოზისა და შიდსის დროს.
ძილის წინ ალკოჰოლური სასმელების გამოყენება გაძლიერებული ოფლიანობის კიდევ ერთი მიზეზია. მართალია, ერთი ჭიქა ღვინო დადებითად მოქმედებს ღრმა ძილზე, მაგრამ ბოლო სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას, ვინც ძილის წინ ალკოჰოლს იღებს, ხშირად აწუხებს ოფლიანობა და თავის ტკივილი.
ოფლიანობას იწვევს ცხარე კერძების მიღებაც. ცხარე საკვების გადამუშავების დროს სხეულის ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს. ექიმების მოსაზრებით, გამწვავება ასევე შეიძლება გამოიწვიოს კოფეინმაც იმ ადამიანებში, რომლებსაც გაძლიერებული ოფლიანობა აქვთ.
ასევე ახასიათებთ ხშირი და დიდი რაოდენობით ოფლდენა დღისითაც და ღამითაც ჰიპერჰიდროზით (გადაჭარბებული ოფლის წარმოქმნა) დაავადებულებს.

ბუნებრივი საშუალებები ღამის ოფლიანობასთან ბრძოლისთვის:

უნდა ეცადოთ მოძებნოთ ტემპერატურა, რომელიც იდეალურად მიესადაგება სწორედ თქვენს ორგანიზმს. თუ მარტოს არ გძინავთ და თქვენს პარტნიორს უფრო მაღალი ან დაბალი ტემპერატურა ურჩევნია, სცადეთ ლოგინის სხვადასხვა მასალისგან დამზადებული თეთრეული.
ეცადეთ თავი აარიდოთ სტრესსა და ნერვიულობას, მოიცილეთ შეგრძნება, რადგან ნერვული სისტემის მოშლას ოფლდენის პროვოცირება შეუძლია როგორც დღისით, ისე ღამით. თუ ოფლიანობა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
თუ ღამის ოფლიანობა რომელიმე კონკრეტულ დაავადებასთან არ არის დაკავშირებული, მაშინ შეგიძლიათ თვითმკურნალობას მიმართოთ და ეს რჩევები გაითვალისწინოთ:
გამოიყენეთ ხალხური საშუალებები, სამკურნალო მცენარეები, მაგალითად, მიიღეთ სალბისა და შავბალახას საფუძველზე დამზადებული პრეპარატები. ისინი დაგეხმარებათ ღამის ოფლიანობასთან ბრძოლაში — სალბის ჩაი დაძაბულობისა და სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ, ხოლო შავბალახა ნერვული სისტემისა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული, ასევე ამცირებს ჭარბი ოფლის გამოყოფას ღამით.
ძილის წინ კარგია, თუ კანში შეიზელთ ვაშლის ძმარს ან მუხის ქერქის ნახარშს. ეს საშუალებები ამცირებენ ფორებს და ოფლიც ნაკლებად გამოიყოფა.
ჭარბი ოფლიანობის შესამცირებლად კარგი საშუალებაა ძილის წინ აბაზანის მიღება ბალახების ნახარშით, ასევე თბილი და შემდეგ გრილი შხაპის მიღება.
ასევე თუ ჭარბი ოფლიანობა გაწუხებთ, მოერიდეთ ხელოვნურ სამოსს — ჩაიცვით მხოლოდ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ტანსაცმელი და წინდები.
ყველა ახალი ამბავი
0