ნაკლებად ცნობილი და აუცილებლად საცოდნელი, ანუ ფაქტები საქართველოს ისტორიიდან

© Pexels / Ylanite Koppens
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2023
გამოწერა
НовостиTelegram
გთავაზობთ სხვადასხვა ეპოქაში მომხდარ, ვისთვის ცნობილ და ვისთვის უცნობ ფაქტებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიიდან.

ვფიქრობთ, ეს მოკლე ამბები საინტერესო უნდა იყოს მკითხველისთვის.

წითელი წაღები

საყოველთაოდ ცნობილია, რომ წითელი წაღები ბიზანტიის კეისართა აღკაზმულობის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა. არადა, ეს „მოდა“ ლაზიკიდან გავრცელდა.
VI საუკუნეში კონსტანტინოპოლში ჩავიდა და ბიზანტიის იმპერატორ იუსტინეს ეახლა ეგრისის (ლაზიკის) მეფე წათე. იუსტინე მოიხიბლა მისი ლაზური წითელი წაღებით, რომლებიც მარგალიტებითა და ქრიზოლითების არწივებით იყო გაწყობილი.
იქიდან მოყოლებული, წითელი წაღები ბიზანტიის იმპერატორების სამეფო ინსიგნიად იქცა.

მეომარი დედოფალი

ეკატერინე ჭავჭავაძემ, მას შემდეგ, რაც სამეგრელოს მთავარ დავით დადიანზე იქორწინა, ედემად აქცია ზუგდიდი. გზებიც გაიყვანა, ეკლესიებიც ააშენა, სწავლული საზოგადოება დაიხმარა და სამეგრელოს გლეხობას წერა-კითხვა თუ ხელსაქმეც შეასწავლა...
უფრო მეტიც: 1855 წელს თურქები, ფრანგებისა და ინგლისელების დახმარებით რუსული არმიის დამარცხების შემდეგ, საქართველოში შემოჭრნენ და აფხაზეთსა და სამეგრელოში სისხლის მდინარეები დააყენეს.
ეკატერინე ჭავჭავაძემ ქართველი თავადიშვილები შემოიკრიბა, იარაღი აისხა და თურქებს ბრძოლა გაუმართა. და დედოფლის სიმამაცით გამხნევებულმა და გულმოცემულმა მოსახლეობამ მტერი განდევნა.

ვაჟას გაპანღურებული აშინოვი

XX საუკუნის დასაწყისში თბილისს „ახალ ერმაკად“ მონათლული კაზაკთა ატამანი აშინოვი სტუმრობდა. ამ აშინოვს ლამის მთელი იმპერია ხოტბას ასხამდა და გმირად აღიარებდა, გაზეთმა „დროებამ“ კი მასხრად აიგდო.
განრისხებული აშინოვი გაზეთის რედაქციაში მიიჭრა და რედაქტორ სერგი მესხს ხანჯალმოღერებული შეუვარდა კაბინეტში, სასწრაფოდ ბოდიში მომიხადეთ ამ შეურაცხმყოფელი პუბლიკაციისთვის, თორემ თავებს დაგაყრევინებთო.
სწორედ იმ დროს მესხის კაბინეტში ყოფილან აკაკი წერეთელი და ვაჟა ფშაველა. წამომხტარა ვაჟა ადგილიდან, წაუვლია ქეჩოში ხელი ვაი-გმირისთვის, ერთი-ორი უთავაზებია და დაუგორებია კიბეებზე.
იმის მერე აშინოვისთვის თვალი აღარავის მოუკრავს, იმავე დღეს აუკრავს გუდა-ნაბადი და საქართველო დაუტოვებია.

ცნობილი ტყვე

მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ და თბილისში განთავსებულ გერმანელებს ხშირად ამუშავებდნენ სხვადასხვა მშენებლობაზე. გამონაკლისი არც მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის, „იმელის“ (დღევანდელი სასტუმრო Biltmore) შენობა იყო.
იმ დროს იქ შიდასარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მესამე სართულზე პარკეტის დაგებაში ახალგაზრდა გერმანელი, ვინმე დიტრიხიც მონაწილეობდა...
1992 წელს თბილისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გენშერი ჩამოვიდა. სახელმწიფოს მაშინდელმა მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ საპატიო სტუმარი „იმელში“ მიიღო — შენობაში, რომელშიც ბევრი წლის წინ დიტრიხ გენშერი პარკეტს აგებდა.
ყველა ახალი ამბავი
0