როგორ მოვთოკოთ სკანდალისტი ნერვების აუშლელად: შვიდი მარტივი ნაბიჯი ფსიქოლოგებისგან

© rawpixel / Akeკონფლიქტი
კონფლიქტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2023
გამოწერა
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ბევრი თქვენგანი იქნება დაკვირვებული, რომ გარემო მეტად აგრესიული გახდა. არცთუ იშვიათად ისეც ხდება, რომ ვიღაც იწყებს ჩხუბს (შესაძლოა, დაუმსახურებლად და უმიზეზოდაც კი), ხოლო თავდასხმის მსხვერპლი ან უმწეოდ შლის ხელებს და არ იცის როგორ დაიცვას თავი, როგორ მოიგერიოს აგრესორი, ან ისიც კივილზე გადადის და საქმე სერიოზულ ჩხუბამდე მიდის.
როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში?
ფსიქოლოგებმა თანმიმდევრულად გადასადგმელი შვიდი ნაბიჯი შეიმუშავეს, რომლებიც სკანდალისტის დაწყნარებაში დაგეხმარებათ. თანაც ისე, რომ არც თავად აიშლით ნერვებს.

ნაბიჯი 1: სიმშვიდე

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. არავითარ შემთხვევაში არ გამოავლინოთ მწვავე რეაქცია. კონფლიქტში უკვე არის ერთი მხარე, რომელიც ისტერიკაშია. ამიტომ თქვენ, როგორც სკანდალის განელების მოთავემ, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ.

ნაბიჯი 2: წარმოიდგინეთ ბავშვი

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ ბავშვი დგას, რომელიც რაღაცითაა შეწუხებული. ხომ არ გაუბრაზდებით პატარას იმის გამო, რომ მას რაღაც აშფოთებს?

პირიქით, შეეცდებით მშვიდად ჰკითხოთ, რითაა უკმაყოფილო. ჰოდა, ასე მოექეცით სკანდალისტსაც. გვერწმუნეთ, დიდები პატარებისგან ბევრით არ განსხვავდებიან.

ნაბიჯი 3: ნელი საუბარი

ნელი საუბარი სიმშვიდის ნიშანია. სიმშვიდე კი საღად აზროვნებას ნიშნავს. როგორ უნდა გადართოთ მყვირალა ადამიანი მშვიდ ნოტებზე? მოწოდება „შეწყვიტეთ ყვირილი!“ არ გიშველით. ჯობს ამ დროს გამოიყენოთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა, მაგალითად, „გეთაყვა, ნელა მითხარით რა გნებავთ და იქნებ დაგეხმაროთ“.

გვერწმუნეთ, ეს მუშაობს! იმიტომ რომ ამ დროს იმსხვრევა ადამიანის გონებაში ფესვგადგმული შაბლონი, რომ საპირისპირო მხარემაც ყვირილით უნდა დააბრუნოს პასუხი. და როცა თქვენ კი არ აყვირდებით, პირიქით, მშვიდად დაუსვამთ სკანდალისტს იმგვარ შეკითხვას, როგორიც ზემოთ შემოგთავაზეთ, ის „განელდება“.

ნაბიჯი 4: აიძულეთ დაფიქრდეს

სკანდალისტი დამშვიდდა და ახლა საჭიროა აიძულოთ ის, რომ დაფიქრდეს. ჰკითხეთ მას, როგორ უნდა მოიქცეთ მისი აზრით, ანუ რა უნდა გააკეთოთ თქვენ. ისიც დაფიქრდება და ამასობაში კიდევ მეტად დაცხრება.

ნაბიჯი 5: შეწყვიტეთ ახსნა

ჩვენი ერთ-ერთი დიდი შეცდომა ისაა, რომ მსგავს ვითარებაში რაღაცების ახსნას ვიწყებთ. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ არაფრის ახსნა. ამას აზრი არ აქვს. „თავდამსხმელი“ ნებისმიერ შემთხვევაში აღიქვამს ამას მასთან ბრძოლის ფარულ ფორმად. რატომ? იმიტომ რომ ეს ნამდვილად არის ბრძოლის შეფარული ფორმა.

ჯობს კი არ ამტკიცოთ და ახსნათ რამე, არამედ კითხვები დაუსვათ მოჩხუბარს.

ნაბიჯი 6: ნუ დაადანაშაულებთ

განაგრძეთ საუბარი ისე, რომ მოწინააღმდეგეს ბრალი არაფერში დასდოთ. ეს განაახლებს კონფლიქტს. ჯობს სათქმელი დაიწყოთ სიტყვებით კარგი იქნება, თუ...“ დაე, თქვენი ნათქვამი ისე ჟღერდეს, როგორც სურვილი.

ნაბიჯი 7: დაასრულეთ კამათი

აუცილებელია, რომ თქვენი ბოლო ფრაზა ისე ჟღერდეს, რომ ეს დამღლელი მარათონიდან გასვლას ჰგავდეს. მერე კი ბოლო სიტყვის თქმის უფლება სკანდალისტს დაუტოვეთ.

გვერწმუნეთ, თუ ყველა ამ რჩევას გაითვალისწინებთ და მათ მიხედვით იმოქმედებთ, კონფლიქტის ყველა თვითმხილველი თქვენს მხარეზე იქნება. შესაბამისად, თქვენი თავმოყვარეობა არ დაზარალდება.
გარდა ამისა, ფსიქოლოგების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ თავხედ ადამიანთან საუბრისას უმთავრესი და უპირველესი საკუთარი ემოციების მოთოკვაა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიმართ გამოვლენილი უხეშობა უსიტყვოდ უნდა გადაყლაპოთ.
ამისათვის საჭიროა გამოიყენოთ სულ სამი ფრაზა, რომლებიც თავხედს ადგილს ისე მიუჩენს (ქუჩაში იქნება ეს, სამსახურში თუ სხვა ადგილზე), რომ ღირსებას არ დაკარგავთ.
ეს სიტყვა-ფრაზებია:
„მადლობა“ — მიუხედავად იმისა, რომ უხამსობაზე ბუნებრივი რეაქცია უხამსადვე პასუხია, არ იჩქაროთ ამის გაკეთება. შესაძლოა, მავანი სწორედაც თქვენ გაბრაზებასა და მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობდეს. ფსიქოლოგები ამგვარ სიტუაციაში თავხედის მშვიდად და ბოლომდე მოსმენას გირჩევენ, რის შემდეგაც ერთადერთი სიტყვა – „მადლობა“ უნდა უთხრათ და გაეცალოთ. ამ გზით სრულიად უსარგებლო ავყიობასაც აიცდენთ თავიდან და, რაც მთავარია, ჩიხში მოამწყვდევთ თავდამსხმელს.
„რატომ ხართ ასეთი ავი?“ — ადამიანს, რომელიც უხეშად მოგმართავთ ან გექცევათ, ეს მარტივი კითხვა უნდა დაუსვათ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ კითხვის შემდეგ თქვენი „ოპონენტი“ რაღაც დროით აუცილებლად გადაერთვება საკუთარ თავზე და, შესაძლოა, მეტყველების უნარიც კი წაერთვას. მოკლედ, ავყიობას შეწყვეტს და თქვენც მშვიდად გაეცლებით მას.
„რა გინდა რომ გიპასუხო?“ — ასეთი შეკითხვა თავხედს აუცილებლად ამოაგდებს კალაპოტიდან და აიძულებს დაფიქრდეს თავის სიტყვებზე.
გარდა ამისა, შესაძლოა ამ კითხვით ის გულახდილ საუბარზეც კი „წამოაგოთ“ და გაიგოთ კიდეც, რატომ გექცევათ ნეგატიურად.
ყველა ახალი ამბავი
0