პაპუაშვილი: ევროპულმა პოლიტიკურმა ელიტამ თავისი მახინჯი სახე წარმოაჩინა

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2023
გამოწერა
სააკაშვილის ლობისტების კამპანია იყო აგებული დეზინფორმაციაზე და ყველა განცხადება მის ჯანმრთელობაზე ამ დეზინფორმაციის ნაწილია, განაცხადა სპიკერმა.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეში ევროპულმა პოლიტიკურმა ელიტამ თავისი მახინჯი სახე დაგვანახა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა (Akerman და GP International) და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და ა.შ. ინფორმაციას. ამ კომპანიების დეკლარაციებში მოყვანილია ასევე შეკვეთილი სტატიები, რომლებიც დასავლურ მედიასაშუალებებში ქვეყნდებოდა.

„მიხეილ სააკაშვილის თემაზე ვიხილეთ ევროპული პოლიტიკური ელიტის ყველაზე მახინჯი სახე, რომელიც დაკავშირებულია კორუფციასთან, პატრონაჟთან, დეზინფორმაციასთან, ლობიზმთან და ყველა იმ ცუდ თვისებასთან, რომელთანაც ჩვენ არ გვინდა, რომ ევროპა გავაიგივოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ევროპული და ზოგადად დასავლური პოლიტიკური ელიტის მახინჯ სახეს არაფერი აქვს საერთო ევროპასა და ევროპულ ღირებულებებთან.
ამასთან მან სააკაშვილი საკითხი ე.წ. კატარგეითს შეადარა.
დეკემბრის დასაწყისში ბელგიის პოლიციამ შესაძლო კორუფციის საქმეზე ბერძენი ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი და მისი პარტნიორი დააკავა, საცხოვრებელ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. საუბარია „დიდი ფულადი ჯილდოს" და „ძვირადღირებული საჩუქრების" შესაძლო მიღებაზე კატარის განაცხადის მხარდაჭერის სანაცვლოდ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადებოდა. სამშობლოში კაილი გარიცხეს პოლიტიკური პარტიიდან, მან ასევე დაკარგა თანამდებობა ევროპარლამენტში.
აშშ-ის დოკუმენტები ადასტურებს, რომ კამპანია სააკაშვილის გარშემო იყო დაგეგმილი - პაპუაშვილი >>
„ჩვენ ვნახეთ, რომ რაც სულ ახლახან ე.წ. კატარგეითის სკანდალად მოინათლა, ზუსტად იგივე მეთოდები იყო. იქაც მთავარი ბრალდებაა, რომ ხდებოდა გარე ზეგავლენა ევროპარლამენტზე, ხდებოდა რეზოლუციების პროექტების წინ წაწევა და ლობირება, რათა რაღაც რეზოლუციების პროექტი მიეღოთ, რომელიც იქნებოდა ვიღაცისთვის სასარგებლო თუ ვიღაცისთვის იქნებოდა საზიანო და ა.შ. ზუსტად იგივე მეთოდები ვიხილეთ ჩვენ ამ შემთხვევაშიც, რაც ახლა გვაქვს, ფაქტობრივად, გვაქვს ახალი სკანდალი „მიშაგეითის“ სახით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილის ლობისტების კამპანია იყო აგებული დეზინფორმაციაზე და ყველა განცხადება მის ჯანმრთელობაზე ამ დეზინფორმაციის ნაწილია.

„მთელი კამპანია აწყობილი იყო დეზინფორმაციაზე, ეს იყო ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე, ქართულ სახელმწიფოზე და პირდაპირ არის სია, თუ ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული. ის სტატიები, განცხადებები, რეზოლუციები სინამდვილეში იყო არა ევროპარლამენტარების, ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების და მოქმედი პოლიტიკოსების გულწრფელი პოზიციები, არამედ ეს იყო ნაკარნახევი პოზიციები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილის თემა არ უნდა იყოს მუდმივად პოლიტიკური დღის წესრიგი - გახარიას პარტია>>>
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0