როდისაა თავის დაბუჟება საგანგაშო სიგნალი: ნევროლოგი გირჩევთ
14:00 19.07.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023)
გამოწერა
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ადამიანები მიეჩვივნენ იმ ფაქტს, რომ ხელები და ფეხები უბუჟდებათ, მაგრამ როდესაც დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნებები თავში ჩნდება, ეს შესაძლოა საგანგაშო სიგნალი იყოს, აცხადებენ ექიმები.
ნევროლოგების თქმით, თავის დაბუჟების მიზეზები მრავალფეროვანია. თუ ასეთი სიმპტომი გაციების, თავის ტკივილების ან ძილისთვის არახელსაყრელი პოზის გამო გაჩნდა, ეს საშიში არ არის. მაგრამ თუ ადამიანი რაიმე დაავადებით იტანჯება, იღებს სხვადასხვა მედიკამენტებს ან რაიმე ტრავმა აქვს გადატანილი, მაშინ კი უნდა მიაქციოს მეტი ყურადღება.
სპეციალისტები აქვე ხაზს უსვამენ, რომ თავის დაზიანება ან ტვინის შერყევა დაბუჟებას მაშინ იწვევს, თუ ნერვებია დაზიანებული.
„სიტყვაში „დაბუჟება“, რაც სინამდვილეში მგრძნობელობის დაკარგვას ნიშნავს, პაციენტები ხშირად სხვადასხვა შეგრძნებებს მოიაზრებენ, როგორებიცაა: თითქოს ჭიანჭველების ცოცვა, წვა თუ ჩხვლეტა (ე.წ. პარესთეზიები). ასეთი შეგრძნებების მიზეზის გასარკვევად ძალზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რას გულისხმობს პაციენტი ზუსტად — მგრძნობელობის დაქვეითებას, მის არარსებობას, თუ პარესთეზიას“, — ამბობენ ექიმები.
ნევროლოგების განმარტებით, პარესთეზიის დროს მგრძნობელობა ზოგჯერ ძალიან ძლიერია, უფრო იშვიათად კი — დაქვეითებული.
მათი თქმით, პარესთეზიას შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს და ამ მიზეზების დადგენა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ზოგი პრეპარატის გვერდითი ეფექტი, ან ძლიერი მღელვარებით ან შფოთვით გამოწვეული. განსაკუთრებით მაშინ, თუ შეგრძნებების ადგილები იცვლება.
ამასთან ექიმები ხაზს უსვამენ, რომ არსებობს თავის ან სახის გარკვეული არეები, რომლებში მგრძნობელობის დარღვევა დეტალურ გამოკვლევას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
სისხლძარღვოვანი დარღვევები,
ნერვების დაზიანება;
თავის ტვინის დაავადებები;
დიაბეტური ნეიროპათია – ნერვის შეუქცევადი დაზიანების გამო;
გაფანტული სკლეროზი.
გარდა ამისა, ჩამონათვალში, თუ რაზე შეიძლება მიუთითებდეს თავის დაბუჟება, ასევე შედის:
ალერგიული რინიტი;
გაციება;
სინუსიტი;
ტვინის სიმსივნე;
არტერიული ჰიპერტენზია;
ინსულტი;
ეპილეფსიური კრუნჩხვები;
აკრძალული ნივთიერებების გამოყენება;
ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
ანტიკონვულსანტების მიღება.
თავის არეში დაბუჟების გამომწვევ მიზეზებს ასევე შეიძლება დაემატოს თავისა და კლასტერული ტკივილები (მკვეთრად გამოხატული ტკივილის სინდრომი), დაძაბულობის ტკივილი, შაკიკი, ენცეფალიტი, ლაიმის დაავადება, სარტყლისებური ლიქენი და სტომატოლოგიური ინფექციები.
ექიმები გვაფრთხილებენ, რომ თავის დაბუჟების უყურადღებოდ დატოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ამით შეიძლება ძვირფასი დრო დაიკარგოს და მკურნალობა უფრო ხანგრძლივი და რთული გამოდგეს.
