მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გუტერეშის გაფრთხილება: ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა უდიდესი საფრთხე შეუქმნას მსოფლიოს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2023
გამოწერა
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ამიტომ აუცილებელია, რომ გაეროს ყველა წევრმა სახელმწიფომ დუყოვნებლად მიიღოს დამცავი ზომები, რათა ტექნოლოგია კონტროლქვეშ მოექცეს, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სიღარიბის აღმოფხვრა ან კიბოს განკურნებაა შესაძლებელი, ამგვარმა ტექნოლოგიებმა შესაძლოა „ძალიან სერიოზული შედეგები იქონიოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე".
გაეროს გენერალურმა მდივანმა სთხოვა წევრ ქვეყნებს, 2026 წლის ბოლომდე შეიმუშაონ იურიდიულად სავალდებულო პაქტი „მომაკვდინებელი ავტონომიური იარაღის სისტემების აკრძალვის შესახებ“.
როგორც მან განმარტა, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ძალადობის კერების აღმოსაჩენად, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვის გასაკონტროლებლად იყოს გამოყენებული, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ტერორისტებმა ან გარკვეულმა სახელმწიფოებმა ის დამღუპველი მიზნებით გამოიყენონ, რის გამოც „სიკვდილიანობა და ნგრევა შემაძრწუნებელ მასშტაბებს მიაღწევს“.
გარდა ამისა, გუტერეში შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტის მუშაობაში შეფერხებამ შესაძლოა ქაოსიც გამოიწვიოს, რაც განსაკუთრებით საშიშია იმ შემთხვევაში, თუ ტექნოლოგიები ბირთვული იარაღის სისტემებთან ან ბიოტექნოლოგიებთან ერთად იქნება გამოყენებული.

„მოგიწოდებთ დაეთანხმოთ საერთო პრინციპს, რომ ბირთვული იარაღი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანმა უნდა მართოს და აკონტროლოს“, — მიმართა გუტერეშმა უშიშროების საბჭოს.

გაეროს გენერალური მდივნის მოსაზრებას იზიარებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლიც. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი უშიშროების საბჭოს მუშაობაზეც მოახდენს გავლენას, ვინაიდან ის ეჭვქვეშ აყენებს გაეროს „ფუნდამენტურ მოსაზრებებს თავდაცვისა და შეკავების შესახებ, ბადებს მორალურ კითხვებს ბრძოლის ველზე სასიკვდილო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით“.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი მიმდინარე წლის ბოლოს ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე სამიტის ჩატარებას გეგმავს.
წყარო: United Nations
ყველა ახალი ამბავი
0