„ნიუკასლი“ კვარაცხელიაში 100 მლნ ევროს იხდის - ტრანსფერის თანხა გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2023
გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით დაინტერესებულ ევროპულ კლუბებს შორის იყვნენ მადრიდის „რეალი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „მანჩესტერ სიტი“.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ინგლისური „ნიუკასლი" იმდენად დაინტერესებულია ქართველი შემტევი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან" გადაბირებით, რომ მზადაა იტალიურ კლუბს ფეხბურთელში რეკორდული თანხა – 107 მილიონ დოლარამდე (100 მლნ ევრო) გადაუხადოს, იუწყება ავტორიტეტული გამოცემა ESPN.
იტალიის ჩემპიონატის წლევანდელი გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ტრანსფერი „ნაპოლის“ სულ რაღაც 11,5 მილიონი ევრო დაუჯდა.
ამ დროის განმავლობაში კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ დასახელდა – აგვისტოში, თებერვალსა და მარტში. ხოლო „ატალანტასთან“ მატჩში მის მიერ გატანილი გოლი მარტის საუკეთესო გოლად იქნა აღიარებული. კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახდა. 2004 წელს სკუდეტო „მილანის“ რიგებში კახა კალაძემ მოიგო.

„ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტია, რომელიც პრემიერ-ლიგის „ნიუკასლის“ დიდ ინტერესს იწვევს. ევროპაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა უკვე გახსნილია და ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. მთავარი ამბავი კი ის არის, რომ კვარაცხელიას „ნიუკასლში“ გადასვლა რეალურია“, – წერს ESPN.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსფერი სატრანსფერო ბაზრის მთავარი მოვლენა იქნება.
გასული სეზონი ინგლისურ პრემიერ-ლიგაში „ნიუკასლმა“ მეოთხე ადგილზე დაასრულა.
კვარაცხელიას შეძენით დაინტერესებულ ევროპულ კლუბებს შორის იყვნენ მადრიდის „რეალი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „მანჩესტერ სიტი“.
კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდეა გათვლილი.
ყველა ახალი ამბავი
0