ღარიბაშვილი: სააკაშვილის ოჯახი საქართველოს იმიჯის შელახვაში მილიონებს ხარჯავს

  - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2023
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიები, სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ის ხელისუფლებას საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდნენ და ევროპარლამენტის რეზოლუციებს ამზადებდნენ.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მილიონებს ხარჯავს საქართველოს იმიჯის და ქვეყნის რეპუტაციის შელახვაში, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ და ა.შ. ინფორმაციას.

„რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როცა ყოფილი პრეზიდენტი, სიმულანტი კაცი, ცხრა წელი რომ მართავდა ქვეყანას და მისი ოჯახი იხდის მილიონებს, რათა ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი, რეპუტაცია დაზიანდეს, სახელმწიფოს და არა მმართველი პარტიის. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოს, ვინც ჩვენ სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემები ადასტურებს, რომ სააკაშვილის ოჯახი საქართველოს მტრები არიან.
„ჩვენმა საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები იმისა, როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ჩვენს სახელმწიფოს, არა მარტო სააკაშვილის ოჯახი და, რა თქმა უნდა, პირადად სიმულანტი სააკაშვილი, მისგან მოდის ეს ყველაფერი. ამ პროცესში ჩართული არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ისინი დაინტერესებული არიან, რომ საქართველოში იყოს ომი, ნგრევა, უბედურება, როგორც ეს უკრაინაში ხდება, განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის სათავეში „სიმულანტი სააკაშვილის ოჯახი“ დგას.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ეს სამარცხვინო კამპანია მთელმა მსოფლიომ იხილა.

„მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართული იყვნენ მათ მიერ მოსყიდული, კორუმპირებული, ზოგიერთი პოლიტიკოსი და, სამწუხაროდ, მათ შორის ევროპელებიც. სიმართლე არის ერთი, ამ სამარცხვინო კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ“, – განაცხადა პრემიერმა.

ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0