მდინარაძე: სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა ლობისტებს საქართველოს სანქცირება შეუკვეთეს

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2023
გამოწერა
სააკაშვილმა და დედამისმა, გიული ალასანიამ ორი ლობისტური კომპანია Akerman და GP International დაიქირავეს.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა და მის მიერ დაფუძნებულმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ლობისტებს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეუკვეთეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ და ა.შ. ინფორმაციას. დეპარტამენტის ცნობით, სააკაშვილმა და დედამისმა, გიული ალასანიამ დაიქირავეს ორი ლობისტური კომპანია Akerman და GP International. ანგარიში მათ ექვსი თვის საქმიანობას ეხება.

„დღეს ჩვენ - ქართული და საერთაშორისო საზოგადოება ვიგებთ, რომ სააკაშვილის ავადმყოფობის გაპიარების გარდა, მისი ლობისტები, რომლებიც მილიონობით დოლარს იღებენ, ზრუნავენ იმაზე, რომ საქართველო დასანქცირდეს. ანუ, მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ოჯახმა თავის ლობისტებს შეუკვეთეს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება. ყოველივე ეს გასცდა მისი ავადმყოფობის შესახებ პიარკამპანიის ფარგლებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

როგორც პოლიტიკოსმა განმარტა, აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აშშ-ში უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) შესახებ კანონის წყალობით, რომლის ანალოგის მიღებაც საქართველოში 2023 წლის მარტში იგეგმებოდა, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური აქციების გამო კანონპროექტის მიღება არ მოხდა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ მონაცემებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სააკაშვილის დედამ. როგორც გიული ალასანიამ განაცხადა, იგი არ იცნობს დოკუმენტის შინაარსს.

„რას ნიშნავს ლობისტები? იყო იურიდიული ფირმა და, დიახ, ჩვენ იგი დავიქირავეთ. მათ ძალიან კარგად იმუშავეს და მადლობელი ვართ. მე არ ვიცნობ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტს, არ წამიკითხავს. იყო მედიაჯგუფი, რომელიც მეც დავიქირავე, მერე რა?“ – განაცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან.

ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სანქციები საქართველოსთვის, ევროპარლამენტის რეზოლუციები: სააკაშვილის ლობისტების საქმიანობა>>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0