როცა წინდის ჩხირიც იარაღია, ანუ ამბავი ქართველი ამორძალებისა

  - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2023
გამოწერა
როდესაც ქართველ გმირებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამშობლოს შეწირულ რაინდებს არც ქართველი ქალები უდებდნენ ტოლს და ხშირად საარაკო სიმამაცისა და საბრძოლო ოსტატობის მაგალითსაც უჩვენებდნენ ვაჟკაცებს.
ამის თაობაზე ჟაკ დე ვიტრიც წერს „იერუსალიმის ისტორიაში“: აღმოსავლეთში მოსახლე გეორგიელები არიან „მეტად მებრძოლი, ომში მამაცი, მძლავრი აღნაგობისა და ძლევამოსილი“ ხალხი, რომელიც შიშის ზარს სცემს სარკინოზებს, დიდ ზიანს აყენებს სპარსელებს, მიდიელებსა და ასურელებს, ხოლო ქართველთა წარჩინებულ ქალებს, ამორძალთა მსგავსად, ომში რაინდებივით იარაღი აქვთ ასხმულიო.
დღეს რამდენიმე მათგანზე გიამბობთ.

დარეჯან შილდელი

დარეჯან შილდელი სიმამაცით განთქმული და საკვირველი დედაკაცი ყოფილა. ცხენით ჯირითი და იარაღის ხმარება ისე კარგად სცოდნია, რომ ბევრი ვაჟკაცი შენატროდა თურმე „პაპიდა დარეჯოს“, როგორც მას შინაურები ეძახდნენ.
ერთხელ ლეკები შესევიან შილდას. დარეჯანს თანასოფლელი ქალ-ბავშვი, მოხუცები თუ ახალგაზრდები ერთ სახლში შეუხიზნავს, თავად კი თოფითა და ალესილი ხმლით შეიარაღებული ღია კარს ამოფარებია.
ლეკებს რომ ღიად დატოვებული კარი დაუნახავთ, უფიქრიათ, პატრონები გაქცეულანო და სახლის გაძარცვა გადაუწყვეტიათ. რამდენიმე მათგანი ცხენებიდან ჩამომხტარა, ერთი ლეკი კი საჩქაროდ გაქცეულა სახლისკენ, რომ ყველასთვის დაესწრო და მეტი ნადავლი ჩაეგდო ხელში.
მაგრამ შეუდგამს თუ არა ფეხი, დარეჯანს ხანჯალი დაუკრავს გულში და გაუგორებია მომხდური. სახლს შეხიზნულებს კი მკვდარი ლეკი დაუთრევიათ და მიუმალავთ, რომ სხვებს არ დაენახათ.
ამასობაში მეორე ლეკი შესულა სახლში და დარეჯანს ხმლის დარტყმით გაუხეთქავს მისთვის თავი, მერე კი კარს უკან გადაუმალავს. მესამე ლეკისთვის ხანჯლიანი მარჯვენა ჩამოუსხეპია მამაც ქალს. გამწარებულ ლეკს ღრიალი მოურთავს, მაგრამ ბევრი არ დაუცდიათ, ისიც სასწრაფოდ შეუთრევიათ სახლში და წუთისოფლისთვის გამოუსალმებიათ.
დარეჯანს მაშინ ხუთი ლეკი ისე უხმაუროდ და ოსტატურად გაუსტუმრებია საიქიოს, რომ ვერავის შეუმჩნევია. ამიტომ მომხდურთა რაზმს, დაცარიელებული სოფელი რომ უნახავს, უფიქრია, უკვე დალაშქრულიაო და დაღესტნისკენ წასულა.

მზექალა არაბული

კავკასიელ ჟანა დ’არკად წოდებულ მზექალა არაბულზე უამრავი თქმულება და ლეგენდა არსებობს. ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან ერთად მებრძოლ მამაც ხევსურ ქალზე ქართველმა ემიგრანტებმა წიგნიც კი გამოსცეს, სადაც მასზე შექმნილ ყველა ლეგენდა-თქმულებას მოუყარეს თავი.
მოგეხსენებათ, ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყება დამარცხდა და მან თანამებრძოლებთან ერთად ხევსურებს შეაფარა თავი. ხევსურებმა სიხარულით მიიღეს ქაქუცა — ისტორიულად ჩოლოყაშვილები ამ კუთხის მოურავები იყვნენ და ხევსურები გვერდში ედგნენ ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მალე მდევრებიც მიადგნენ ხევსურეთს. გუდამაყრის მხრიდან თოფი გავარდა. ეს მტრის მოახლოების ნიშანი იყო.
მერე კოშკზე კოცონები დაინთო განგაშის ნიშნად და ერთ ღამეში ყველა ხევსური ომისთვის მზად იყო. დილით ბრძოლა დაიწყო, მაგრამ თავად ქაქუცა მაღალი სიცხისგან გათანგული იწვა და უომრად ღაფავდა სულს.
უცბად ვიღაც ხევსურს ზედ ავადმყოფის ნაბადზე მიუგდია ცხენი და ჩოლოყაშვილი რომელიაო, უკითხავს. კაცებსაც მიუთითებიათ, ეგაა ქაქუცაო.
— რა დროს წოლაა, ვაჟაუ, არ გაგიგია, ხევსურეთს მტერი მოადგა?! — შეუძახა მხედარმა.
ქაქუცას წინ მთლად ყმაწვილი ქალი იდგა, მხარზე პატრონტაჟი ჰქონდა გადაგდებული, ხელში თოფი ეჭირა და უბელო ცხენზე იჯდა. უჩვეულო სტუმრის ხილვამ ავადმყოფი გამოაფხიზლა, მდგომარეობის ახსნას შეეცადა, მაგრამ მზექალამ შეაწყვეტინა, ხევსურნი გელოდებიან, ომიაო.
წამომდგარა ქაქუცა და სამ შეფიცულთან ერთად ბრძოლის ადგილისკენ დაძრულა. წინ 18 წლის ხევსური ქალი მიუძღოდათ. როცა საფარში გამაგრებულ ხევსურთა მთავარ რაზმს მიუახლოვნენ, მზექალას თანამოძმეებისთვის ჩოლოყაშვილის მისვლა უცნობებია და უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმულ აჯანყებულებსაც მხნეობა შემატებიათ.
შეტაკება რამდენიმე დღე გრძელდებოდა. მზექალა ჩუბინობითა და მამაცობით ტოლს არავის უდებდა, ხან სანგრიდან ტყვიით ცელავდა ბოლშევიკებს, ხანაც უბელო ცხენზე ამხედრებული მოულოდნელად ესხმოდა თავს მომხდურებს და თავბედს აწყევლინებდა.
სამწუხაროდ, აჯანყებულები დამარცხდნენ. სამთავრობო ჯარებმა მთელი ხევსურეთი ალყაში მოაქციეს. შეფიცულებმა და ადგილობრივებმა ალყას თავი დააღწიეს და უსაფრთხო ადგილზე გაიხიზნენ. მზექალა არაბული კი დაცარიელებულ სოფელში დარჩენილა.
ბოლშევიკებს ჯერ ჭურვები დაუშენიათ სოფლისთვის, მერე კი იქაურობას მოსდებიან. ჯარისკაცთა ერთი ჯგუფი მზექალას სახლისკენ წასულა. იქიდან ორჯერ გავარდნილა ტყვია და ორი ჯარისკაცი მოცელილი დაცემულა.
ბოლშევიკებს შეტევა წამოუწყიათ საპასუხოდ და ტყვიით დაუცხრილავთ სახლი. მერე შიგნით შეცვივნულან და მიწაზე ახალგაზრდა ქალის უსულო გვამი უნახავთ — ტყვიით მკერდგაგლეჯილს თოფი ხელში ჩაებღუჯა, თავზე კი უბელო ცხენი ადგა...

ბულბულა ქვიშხეთელი

ქვიშხეთიდან ორიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარე მთაზე მეთექვსმეტე საუკუნეში დიდი ციხე-კოშკი აუგიათ. სწორედ იმ კოშკს აფარებდა ხოლმე მოსახლეობა თავს ლეკების შემოსევისას.
სოფლიდან კოშკამდე ერთი გზა მიდის, რომელსაც ხალხი „ლეკის გზას“ ეძახის — სწორედ მათ გაუკეთებიათ ეს გზა ციხის ხელში ჩაგდების მიზნით.
ერთხელ ლეკთა დიდი ბრბო შესევია სოფელს. მტრის წინააღმდეგ ბრძოლის მეთაურობა გლეხის ქალს, ბულბულა ქვიშხეთელს უკისრია (გვარი უცნობია). სასწრაფოდ შეუდგენია დამცველი რაზმი, რომელსაც მცირე ხნით მოუგერიებია ლეკთა იერიში, ამასობაში კი ხალხს სანოვაგის წაღება და ციხე-კოშკში შეხიზვნა მოუსწრია.
ციხეს საიდუმლო გვირაბი ჰქონია, საიდანაც სასმელი წყალი შედიოდა. ლეკებს რომ სიმაგრეში ვერა და ვერ შეუღწევიათ, წყალსადენის ძებნა დაუწყიათ. ბოლოს მიუგნიათ კიდეც და მოუშლიათ წყარო.
ციხეში შეხიზნულებს სანოვაგე კი ჰქონდათ, მაგრამ უწყლოდ ყოფნა გაჭირდა და იძულებული გახდნენ წყაროს აღსადგენად ვინმე გაეგზავნათ. რაზმის მეთაურ ბულბულა ქვიშხეთელს უკისრია ეს საძნელო საქმე. ციხე-კოშკიდან მალულად გასულა და წყლის სათავისკენ წასულა.
შორიახლო ჩასაფრებულ ლეკებს გზად მიმავალი ქალი დაუნახავთ და შეუპყრიათ, უთქვამთ, ციხეში შესასვლელი გზა გვასწავლე და არაფერს დაგიშავებთ, ცოცხალს დაგტოვებთო. ბულბულაც „დათანხმებია“ და მიუსწავლებია გზა — ოღონდ სულ სხვა გზა.
და სანამ მტერი ცრუ მიმართულებით მიდიოდა, ბულბულა ჩქარი ნაბიჯით ასულა წყაროს სათავემდე, ღარი გაუსწორებია და წყალი ისევ ციხისკენ მიუშვია, მერე კი მოკლე გზით გაქცეულა კოშკისკენ.
მაგრამ შეუნიშნავთ გაქცეული ქალი ლეკებს და გზა გადაუჭრიათ მისთვის. ბულბულა გასძალიანებია მომხდურებს, ბევრი ლეკი გაუსტუმრებია საიქიოს, მაგრამ ბოლოს მაინც დაუტყვევებიათ და აუკუწავთ.
სამწუხაროდ, ამაო გამოდგა ბულბულას თავგანწირვა. ლეკებს მაინც აუღიათ ციხე-სიმაგრე, ხალხი კი ტყვეებად გაურეკავთ. ციხისა და სოფლისთვის კი, გმირი ქალის პატივსაცემად, ბულბულა უწოდებიათ...
***
საბრძოლო გაწვრთნილობა ქართველი ქალისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ოჯახზე თავდასხმისას, მაშველის გამოჩენამდე, იგი ქმარს უნდა ამოსდგომოდა მხარში, ხოლო ქმრის ლაშქრად ყოფნისას მარტოს უნდა დაეცვა კერა. ამიტომაც თოფ-იარაღსაც მარჯვედ ხმარობდნენ და... წინდის ჩხირებსაც.

გადმოცემით ცნობილია, რომ ერთი ხანდაზმული თუში ქალის საცხოვრისს მოთარეშე ლეკები დასხმიან თავს. უიარაღო ქალი შინ მარტო ყოფილა, მაგრამ არც შეშინებია და არც დაბნეულა — სამი ლეკი წინდის ჩხირებით განუგმირავს.
აფხუშოელ ნანაისაც ჩხირებით უწყევლინებია თავბედი თავდამსხმელისთვის. ჩარგლისკენ მიდიოდა თურმე, როცა ერთ ხევთან ლეკი დახვედრია. ნანაის ჯერ გაქცევა უცდია, მაგრამ ლეკი რომ არ დახსნია, მიბრუნებია და შებრძოლებია. ქალს ხელთ წინდის ჩხირის მეტი არაფერი ჰქონია და სწორედ მისი გამოყენებით ჯერ იარაღი აურთმევია ლეკისთვის, მერე კი განუგმირავს მოძალადე.
რაღა თქმა უნდა, გლეხის მრავალჭირნახულ ქალებს არც ქართველი ბანოვანები ჩამორჩებოდნენ, რასაც ერეკლე მეფის რძლის ქეთევანის ამბავიც ადასტურებს.
ქართლის გზაზე მცირე ამალით მიმავალ ქეთევანს, გიორგი ბატონიშვილის მეუღლეს ღართისკარს ხუთასამდე ლეკი დაუხვდა. ქეთევანის თანმხლებ რაზმში არავინ ყოფილა ბრძოლის მცოდნე. მაშინ თვითონ უკისრია „თავ-მხედრობისა თვისისა და განმახნო მორიგენი“.
უთანასწორო ბრძოლაში ქართველებს „უმრავლესნი ლეკთანი“ გაუწყვეტიათ და მშვიდობით დაუღწევიათ თავი მომხდურებისთვის. და როცა ერეკლეს რძლის გმირობა-სიმხნე ესმა, „მხიარულ ქმნილმან შეიყვანა ტფილისს დიდებითა დიდითა და ზარბაზნის სროლითა და ღამესა მას ყოველსა ქალაქსა იყო ჩირაღდანი“...
ყველა ახალი ამბავი
0