თალაკვაძე: არახამიამ ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა

© photo: Sputnik / Alexander Kryajevდავიდ არახამია
დავიდ არახამია - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2023
გამოწერა
თალაკვაძემ ურჩია უკრაინის ხელისუფლებას, გამოიძიონ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონო კვეთის საქმე
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ დავიდ არახამიამ ყველა დასაშვები ზღვარი გადაკვეთა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
არახამიამ განაცხადა, რომ აპირებს მიმართოს უკრაინის პროკურატურას, რათა მან აღძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე.
„მისი ქცევები სრულიად გასული არის ყოველგვარი ნორმალურობისა და რეალობისგან. შესაბამისად, არახამიას სხვა საქმე არ აქვს და მე ვურჩევ, რომ დაკავდეს უკრაინის შიდა საქმეებით. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, კვალიფიკაციაზე როგორ უნდა ვისაუბროთ, როდესაც ადამიანი რეალობისგან დაცლილია და ყოველგვარი „წითელი ხაზი“ აქვს მას გადაკვეთილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან უკრაინის ხელისუფლებას ურჩია, გამოიძიოს სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ის საქართველოში 29 სექტემბერს არალეგალურად შემოვიდა ბორნით, რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც უკრაინის პორტ ჩერნომორსკიდან ფოთის მიმართულებით მოდიოდა.
2021 წლის დეკემბერში უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე საქმე აღიძრა და საქმის ფარგლებში შიდა შემოწმების შედეგად ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი დისციპლინურ პასუხისგებაში მიეცა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0