საქართველოს უზბეკეთიდან რაც შეიძლება მეტი ტურისტის მოზიდვა სურს

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2023
გამოწერა
სამომავლოდ იგეგმება უზბეკეთში აქტიური მარკეტინგული კამპანიების წარმოება საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზებისთვის, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე და ამ მიმართულებით მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებაზე იმსჯელეს თბილისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და უზბეკეთის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის მინისტრის პირველი მოადგილე ულუგბეკ აზამოვი ესწრებოდნენ.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უზბეკეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მზარდი ტურისტული ბაზარია. მისი თქმით, სამომავლოდ იგეგმება უზბეკეთში აქტიური მარკეტინგული კამპანიების წარმოება საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზებისთვის.
აღინიშნა, რომ დღეს უზბეკეთი მე-13 ადგილს იკავებს იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოდის საქართველოში. 2022 წელს ქვეყანას პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 185,7%-ით მეტი ვიზიტორი ეწვია უზბეკეთიდან, ხოლო 2023 წლის 6 თვეში ზრდამ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 141% შეადგინა.
ქვრივიშვილის თქმით, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე ზოგადად ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის დაახლოებას ხელი შეუწყო საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებამ.
ამჟამად ფრენებს ტაშკენტიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით უზბეკეთის ორი ავიაკომპანია ახორციელებს.

„შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის სიხშირეების გასაზრდელად, რაც სამომავლოდ დადებითად აისახება თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში“, – აღნიშნა მან.

შეხვედრაზე დაიგეგმა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. მათ შორის, გაიმართება ორი ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელთა შეხვედრები, რომელთა მიზანი იქნება სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება დარგში მომუშავე ბიზნესებს შორის.
უზბეკ ჩინოვნიკებთან გამართულ შეხვედრას ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0