რატომ ვერ ხვდებიან მშობლები, რომ ბავშვი წყალში იხრჩობა: მიზეზი და რეალური ნიშნები

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2023
გამოწერა
წყალში დახრჩობა თითქმის ყოველთვის ჩუმი და წყნარი პროცესია. ხელების ქნევა და ყვირილი, რასაც ასე ხშირად აჩვენებენ ფილმებში, რეალურ ცხოვრებაში ლამის არასდროს ხდება.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სამწუხარო სტატისტიკის თანახმად, ათი დამხრჩვალი ბავშვიდან ერთი პირდაპირ მშობლების თვალწინ არის დაღუპული, რომლებიც ვერ მიხვდნენ, რომ შვილი განსაცდელში იყო ჩავარდნილი, წერს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი.
სპეციალისტებს ამის სამაგალითოდ ნამდვილი ამბავი მოჰყავთ: ერთი ოჯახი, ცოლ-ქმარი და მათი ცხრა წლის ქალიშვილი საკუთარი იახტით ისვენებდა ზღვაზე. წყვილი ტალღებში ნებივრობდა, როდესაც იახტის კაპიტანი მოულოდნელად წყალში გადახტა და მათკენ გაცურა.
ცოლ-ქმარი გაკვირვებული გასცქეროდა კაპიტანს, რა დაემართა, ცოტა ხნის წინ კი ვმაიმუნობდით, ვითომ ვიხრჩობოდით, მაგრამ ახლა ხომ ვიცინით და რატომ ჩამოხტა წყალშიო, ერთმანეთს ეკითხებოდნენ. დაუძახეს კიდეც, კარგად ვართ, არაფერი გვიჭირსო, მაგრამ კაპიტანი სწრაფად უახლოვდებოდა მათ.
ახლოს რომ მიცურა, ცოლ-ქმარს ერთი კი შეუღრინა, გამატარეთო და გვერდი აუქცია. წყვილმა თვალი გააყოლა მას და... სამიოდე მეტრის დაშორებით წყალში მოფართხალე საკუთარი ქალიშვილი დაინახეს, რომელიც, ცოტაც და, დაიხრჩობოდა...
როგორ მიხვდა დაახლოებით 15 მეტრის დაშორებით მყოფი იახტის კაპიტანი იმას, რაც იქვე მყოფმა მამამ ვერ გაიაზრა? საქმე ისაა, რომ კაპიტანი ძველი მაშველი იყო, მამას კი წყალში დახრჩობის სცენა მხოლოდ ფილმებში ჰქონდა ნანახი. რეალობა და კინო კი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.
თურმე, წყალში დახრჩობა თითქმის ყოველთვის ჩუმი და წყნარი პროცესია. ხელების ქნევა და ყვირილი, რასაც ასე ხშირად აჩვენებენ ფილმებში, რეალურ ცხოვრებაში ლამის არასდროს ხდება. მეცნიერებათა კანდიდატმა ფრანჩესკო პიამ ჟურნალ Coast Guard’s On Scene-ში აღწერა ის ნიშნები, რომლებიც გვახვედრებს, რომ ადამიანი იხრჩობა:
იშვიათი გამონაკლისის გარდა, ადამიანს, რომელიც წყალში იხრჩობა, ლაპარაკი, ყვირილი, დასახმარებლად დაძახება არ შეუძლია. იმისათვის, რომ დაიძახოს, ადამიანს სუნთქვა უნდა შეეძლოს;
დასახრჩობად განწირულს, რომელიც წამდაუწუმ ექცევა წყლის ქვეშ, ზედაპირზე ყოფნის დრო არ ჰყოფნის საიმისოდ, რომ კიდეც ჩაისუნთქოს და კიდეც იყვიროს. ძირითადად ის მხოლოდ ჩასუნთქვას ასწრებს;
დასახრჩობად განწირული ადამიანი ხელებს კი არ იქნევს მაშველის მოსახმობად, არამედ ინსტიქტურ მოძრაობებს აკეთებს იმის მაგივრად, რომ, ვთქვათ, მაშველ რგოლს ჩაეჭიდოს.
თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ წყალში მოფართხალე და აყვირებული ადამიანიც შეიძლება საფრთხეში იყოს. თუმცა ეს პანიკა ცოტა ხანს გრძელდება და მერე იწყება ის ნიშნები, რომლებიც ზემოთ მოგახსენეთ.

კიდევ რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ადამიანი იხრჩობა, ასეთია:

თავი ისე აქვს ჩახრილი, რომ პირი წყლის ზედაპირზე „უდევს“
თავს უკან ხრის, აღებს პირს
თვალები დახუჭული აქვს
აბურდული თმები შუბლსა და თვალებს უფარავს
ფეხებს არ ამოძრავებს, წყალში ვერტიკალურ მდგომარეობაშია
აქვს გახშირებული და ზედაპირული სუნთქვა, თითქოს ჰაერს პირით ყლაპავს
ცდილობს ზურგზე გადატრიალებას
წყლიდან ისე დილობს ამოსვლას, თითქოს თოკის კიბეზე ადიოდეს, მაგრამ ყველა ეს მოძრაობა წყალქვეშ ხდება.
ასე რომ, თუ ადამიანი წყალში წყნარად არის გაჩერებული და ერთ წერტილს უყურებს, აუცილებლად ჰკითხეთ, როგორ გრძნობს თავს. თუ არ გიპასუხათ და მხოლოდ უაზროდ შემოგხედათ, იცოდეთ, რომ 30 წამზე ნაკლები გრჩებათ მის გადასარჩენად.
და, რაც მთავარია, მშობლების საყურადღებოდ! როდესაც ბავშვები წყალში თამაშობენ, ისინი, როგორც წესი, უზომოდ ხმაურობენ. თუ ხმაური შეწყდა, მაშინვე მიაქციეთ ამას ყურადღება და გაარკვიეთ, რატომ გაჩუმდნენ ისინი.
ყველა ახალი ამბავი
0