ემუქრება თუ არა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება - გია ვოლსკის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2023
გამოწერა
საქართველოს გაცილებით მეტი შიდა მტერი ჰყავს, ვიდრე საგარეო ფორმატში ოპონენტი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ბელგიის გადაწყვეტილება უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღების შესახებ არ შეეხება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მანამდე განაცხადა, რომ ბელგიამ გადაწყვიტა, საქართველოს მოქალაქეებს, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფო ვერ იცავს, ლტოლვილის სტატუსი გამარტივებული წესით მიანიჭოს. ამას კი, მისივე თქმით, შესაძლოა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება მოყვეს.
„რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლას არ ეხება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ჯგუფი მუშაობს, რათა როგორმე საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზო გადაადგილება შეეზღუდოს. საქართველოს შიდა მტერი გაცილებით მეტი ჰყავს, ვიდრე საგარეო ფორმატში ოპონენტი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ ბელგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში მომხდარ შეჯახებებს ეხება, მაგრამ, ამავე დროს, თავისი შინაარსით პოლიტიკურია.
„ცუდია, რომ ოპოზიციის ნაწილს ეს გადაწყვეტილება სიხარულს ანიჭებს. ვფიქრობ, რომ მათი მუშაობა გრძელდება, რომ როგორმე დამატებითი ნეგატიური ინფორმაცია შეიტანონ ევროპაში, თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ საქართველო ტურისტულ ჰაბად რჩება და არის უსაფრთხო ქვეყანა“, - განაცხადა მან.
ვოლსკიმ მოიშველია საქართველოში გამართული საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციის კონფერენცია, როდესაც ქვეყანაში მთელი მსოფლიოდან ტურისტული ორგანიზაციების ადმინისტრაციები ჩამოვიდნენ. ასევე, ჩატარდა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები კალათბურთში, ფეხბურთსა და რაგბიში.
ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებთან ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
საქართველოს პასპორტი მსოფლიოს 106 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას იძლევა.
ყველა ახალი ამბავი
0