თეა წულუკიანი: კინოცენტრი სასარგებლო ინსტრუმენტად უნდა ვაქციოთ

© photo: Sputnik / Stringerკულტურის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2023
გამოწერა
ჩვენი მიზანი არის ერთადერთი, რომ კინოცენტრი იყოს მოქნილი ინსტრუმენტი კინოხელოვანების ხელში და უკეთესად დაეხმაროს მათ, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. კინოცენტრი გადაიქცევა სასარგებლო ინსტრუმენტად კინოხელოვანთა ხელში, ამისათვის საჭიროა საქმიანი თანამშრომლობა, კონსტრუქციული რეჟიმი და არა ლანძღვა-გინების რეჟიმი, განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
საქართველოს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებამ კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაიას დანიშვნის შესახებ კინოინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენლის კრიტიკა გამოიწვია. ხუბუნაია იუსტიციის სამინისტროს პრობაციის სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა, როცა უწყებას წულუკიანი ხელმძღვანელობდა. ახალი უფროსის დანიშვნით უკმაყოფილო პირთა მოსაზრებით, ამან შეიძლება გამოიწვიოს ცენზურა კინოინდუსტრიაში. ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციაც გაიმართა.
წულუკიანის განცხადებით, ერთ-ერთ პროტესტანტს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან, მიუმართავს სასამართლოსთვის და უთხოვია რეორგანიზაციის შეჩერება და 10 ივლისს სასამართლოს მისთვის უთქვამს უარი. ეს არის ქალბატონი კუხალაშვილი, რომელიც „მაინცდამაინც სანაქებო მეთოდებით არ მართავდა ხოლმე ამ კინოცენტრს“, აღნიშნა მინისტრმა.
„ჭარბი აჟიოტაჟი" - მმართველ გუნდში კინოცენტრთან დაკავშირებული ვითარება შეაფასეს>>>
„თუ რამე გაჭიანურდა, უფრო სწორად დაგვიანდა, არის რეორგანიზაციის დაწყება, რომელიც ჩვენ წელს ივნისში დავიწყეთ. ეს ჩემი და ჩემი გუნდის შეცდომაც არის. ეს მეც და ჩემს წინამორბედებსაც ბევრი წლის წინ უნდა დაგვეწყო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ჩვენი მიზანი არის ერთადერთი, რომ კინოცენტრი იყოს მოქნილი ინსტრუმენტი კინოხელოვანების ხელში და უკეთესად დაეხმაროს მათ“, - განაცხადა წულუკიანმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ განაახლებსშეხვედრებს კინოხელოვანებთან, რათა მათ წარმოადგინონ თავიანთი ხედვა კინოცენტრთან დაკავშირებით.
„ასეთი შეხვედრები გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ კინოცენტრი გადაიქცევა სასარგებლო ინსტრუმენტად კინოხელოვანთა ხელში, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ უკეთესი ხელშეწყობა, უბრალოდ ამისათვის საჭიროა საქმიანი თანამშრომლობა, კონსტრუქციული რეჟიმი და არა ლანძღვა-გინების რეჟიმი“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, კანონით გათვალისწინებული რეორგანიზაცია, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდა, პრაქტიკულად დასრულებულია.
ყველა ახალი ამბავი
0