კობახიძე: საქართველო-რუსეთს შორის ფრენები ევროკავშირში რუსების ნაკადზე ვერ იმოქმედებს

© photo: Sputnik / Stringerაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2023
გამოწერა
მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, რუსეთიდან საქართველოში ყოველდღიურად ხუთი რეისი სრულდება, თურქეთიდან კი 100.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ვერ იმოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების ნაკადზე, რადგანაც მათ ვიზა სჭირდებათ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მანამდე საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოში უფრო მეტ რუსს შეუძლია ჩამოსვლა, არამედ იმიტომ, რომ ისინი საქართველოს ევროპაში გასამგზავრებლად იყენებენ. დეგნანის თქმით, ევროპამ რუსებისთვის კარი დაკეტა, რადგანაც ეს არის რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმი.

„ერთ-ერთი ელჩი გამოვიდა და თქვა შემდეგი: მათ ეშინიათ, რომ ბევრი რუსი მოხვდება ევროკავშირში საქართველოს გავლით. ჯერ ერთი, რუსეთის მოქალაქეს სჭირდება ვიზა ევროკავშირში შესასვლელად. თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, რუსეთიდან საქართველოში რეისების რაოდენობის გამო არ შეიძლება ქვეყანა იყოს „რისკის ქვეყანა" ევროპაში რუსეთის მოქალაქეების შედინების კუთხით. მტკიცებულებად კობახიძემ მოიყვანა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც თურქეთსა და რუსეთს შორის დღეში 100-მდე პირდაპირი რეისი სრულდება, აზერბაიჯანის შემთხვევაში – დაახლოებით 25, სომხეთში – დაახლოებით 25, სულ – 150.

„რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება 5 რეისი. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი და როგორ შეიძლება საქართველო გახდეს რისკების საფუძველი?! ეს ხომ ცარიელი სპეკულაციაა, ეს ხომ ცარიელი ტყუილებია", – განაცხადა კობახიძემ.

2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს პირველი რეისი რუსეთიდან საქართველოში შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა.
10 ივლისიდან ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყო რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა.
უკვე ივნისში Georgian Airways-მა დაიწყო ტრანზიტული ფრენების განხორციელება რუსეთიდან ევროკავშირში საქართველოს გავლით.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
2022 წელს რუსეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა საქართველოში ჩამოსული უცხოელების საერთო რაოდენობის 20% შეადგინეს, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 21,25%.
ყველა ახალი ამბავი
0