ელისაშვილი: უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2023
გამოწერა
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი ელჩის კიევიდან გამოშვების გადაწყვეტილებით საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა 6 ივლისს დატოვა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის საგარეო უწყებამ პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით ქართველ დიპლომატთან მტკიცე პროტესტი გამოთქვა პატიმარ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ელჩს თბილისთან კონსულტაციებისთვის ქვეყნის 48 საათში დატოვება შესთავაზეს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება და ფრაზა, რომ ჩვენ მაინც ვრჩებით უკრაინის მხარდამჭერად, იყო ძალიან ადეკვატური, იმიტომ რომ სინამდვილეში ზელენსკიმ მთელ ქვეყანას დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა. ელჩს რომ ქეჩოში ხელს მოჰკიდებენ, პანღურს ამოარტყამენ და გამოაგდებენ, ამის შემდეგი ნაბიჯი ომია ხოლმე. მსგავსი რამ ომის წინ ხდება", – განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ახლა ზელენსკი უკმაყოფილოა მმართველი პარტია „ქართული ოცნებით“, საქართველოსთან მიმართებით კი მთავარი „შემჩიჩხინებელი" უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიაა, რომელიც მხოლოდ სააკაშვილზე საუბრობს.
„მასთან (ზელენსკისთან) რჩევა და მოწოდება მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი არ არის საქართველო და მხოლოდ სააკაშვილის ქომაგობა არ არის საქართველოს ქომაგობა. ნახევარ საქართველოს მაინც სძულს სააკაშვილი", – აღნიშნა პოლიტიკოსმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
მისი თქმით, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ და ზელენსკის მთავრობა „პინგ-პონგს“ თამაშობენ – რომელი უფრო მეტ საზიზღრობას გააკეთებს და იტყვის ერთმანეთზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „შეწყვიტოს სააკაშვილის შეურაცხყოფა“ და გადასცეს ის უკრაინას, რომლის მოქალაქეც არის ექს-პრეზიდენტი.
ზელენსკიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მასმედიაში სასამართლო პროცესის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმის განხილვისას საავადმყოფოს პალატიდან პირდაპირი ჩართვა მოეწყო. ექს-პრეზიდენტმა ვიდეოჩართვისას მაისური აიწია, ყველას აჩვენა თავისი გამხდარი სხეული და მთავრობას მოსთხოვა, ბოდიში მოიხადოს მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანის გამო.
საქართველოს ელჩი: ზელენსკის გადაწყვეტილებამ ბევრი უკრაინელი დიპლომატი გააკვირვა>>>
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის იუსტიციის სამინისტრო, კატეგორიულად უარყოფს სააკაშვილის დაცინვის ფაქტებს. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა და ექიმების რეკომენდაციებს დღემდე არ ასრულებს, ხელისუფლება კი მის სამკურნალოდ ყველაფერს აკეთებს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
საქართველოს და უკრაინის ურთიერთობები
საქართველოსა და უკრაინას შორის 2020 წელს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო, მეტიც, სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს.
საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.
ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით უკრაინამ სანქციების ქვეშ მყოფთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, ახლახან კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. საქართველოში უკრაინის ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა.
ყველა ახალი ამბავი
0