თალაკვაძე: „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ თამაშობს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2023
გამოწერა
„ნაცმოძრაობა“ უკვე სერიოზულ და საქმიან პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებულია, აღნიშნა დეპუტატმა
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იშლება და ახლა პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ თამაშობს, ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ორი ბანაკი ჩამოყალიბდა - პარტიის ყოფილი ლიდერის, ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და მოქმედი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის რადიკალური ქმედებების მხარდამჭერები. ამჯერად, პარტიის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა მელია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა. მელიამ ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მას აქვს პრეტენზია არა პარტიასთან, არამედ ცალკეულ პიროვნებებთან.
თალაკვაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც „დაშლის გზაზე“ დგას. აქედან გამომდინარე, ისინი თამაშობენ „აიწონა-დაიწონას“ - ვინ ვის გადაწონის პოლიტიკურად.
„წინა სერიაში ხაბეიშვილმა გადაწონა მელია, ახლა მელია გადაწონის ხაბეიშვილს, შემდეგში შეიძლება ცისკარიშვილთან ერთად გაიმართოს მორიგი შერკინება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
„ნაცმოძრაობა“ უკვე სერიოზულ და საქმიან პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებულია, აღნიშნა მან.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებას კარგი შესაძლებლობა ექნება, რომ „ნაცმოძრაობა“ აუტსაიდერებში გადაიყვანოს, აღნიშნა თალაკვაძემ.
ამასთან მან გაკვირვება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ მელია ჯერ კიდევ რჩება პარტიაში, „იქ, სადაც ის არ უნდათ და გადააყენეს“.
კობახიძე: სააკაშვილის დროინდელი პოლიტიკოსები „ნაცმოძრაობას“ პერსპექტივას უკარგავენ >>
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ. ამაზე საუბრობს ნიკა მელიაც, რომელმაც 2023 წლის იანვარში შიდაპარტიული არჩევნების შედეგად დაკარგა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნული ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
ყველა ახალი ამბავი
0