საქართველოს ელჩმა უკრაინა დატოვა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2023
გამოწერა
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა ქვეყანა დატოვა და თბილისში ბრუნდება, იუწყება „პირველი არხი" საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „შეწყვიტოს სააკაშვილის შეურაცხყოფა“ და გადასცეს იგი უკრაინას, რომლის მოქალაქეც არის ექს-პრეზიდენტი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზელენსკის დავალებით უკრაინაში საქართველოს ელჩთან მტკიცე პროტესტი გამოხატა მიხეილ სააკაშვილის გამო და შესთავაზა უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის.
შეთავაზებული დრო 6 ივლისის 12:00 საათზე იწურებოდა. საგარეო უწყების ცნობით, ელჩმა ქვეყანა დათქმულ დროში დატოვა, უკრაინაში საქართველოს საელჩო კი მუშაობას აგრძელებს.
მოულოდნელი იყო – უკრაინიდან გამოშვებული საქართველოს ელჩი>>>
მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის გადაწყვეტილებას საფუძველს მოკლებული უწოდა და აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისი უკრაინის გადაწყვეტილებაზე ამ ეტაპზე რეაგირებას არ მოახდენს, თუმცა ეს სამომავლოდ ქვეყნებს შორის განხილვის საგანი იქნება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კი ზელენსკის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი უწოდა.
ზელენსკიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიაში სასამართლო პროცესის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმის განხილვისას საავადმყოფოს პალატიდან პირდაპირი ჩართვა მოეწყო. ექს-პრეზიდენტმა ვიდეოჩართვისას მაისური აიწია, ყველას აჩვენა თავისი გამხდარი სხეული და მთავრობას მოსთხოვა, ბოდიში მოიხადოს მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანის გამო.
დარჩიაშვილი: ელჩი უკრაინიდან სამშობლოში ბრუნდება, სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ იქნება>>>
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის იუსტიციის სამინისტრო, კატეგორიულად უარყოფს სააკაშვილის დაცინვის ფაქტებს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა და ექიმების რეკომენდაციებს დღემდე არ ასრულებს, ხელისუფლება კი მის სამკურნალოდ ყველაფერს აკეთებს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ კი – კლინიკა „ვივამედში".
საქართველოს და უკრაინის ურთიერთობები
საქართველოსა და უკრაინას შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო, მეტიც, სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს.
საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.
ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქციების ქვეშ მყოფთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, ახლახან კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. საქართველოში უკრაინის ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა.
ყველა ახალი ამბავი
0