კობახიძე პირობას დებს, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი არ გახდება, „კარტებს გახსნის"

  - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2023
გამოწერა
ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის კურსს გააგრძელებს.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, ხელისუფლება საზოგადოებას ამ საკითხზე მეტ დეტალს გაუმხელს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება... დეკემბერში თუ კიდევ ერთხელ განმეორდა უსამართლო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებისთვის მოგვიწევს იმაზე მეტი დეტალის ახსნა, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით... უფრო მეტად დაგვჭირდება კარტების გახსნა საზოგადოების წინაშე", – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

ამასთან ერთად პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის კურსს გააგრძელებს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. სამმა ქვეყანამ განაცხადი თითქმის ერთდროულად გააკეთა, თუმცა კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
მმართველ პარტიაში კი ამტკიცებენ, რომ 12-ვე პირობა შესრულებულია.
ყველა ახალი ამბავი
0