აბსურდი და სპეკულაცია: კობახიძე რუს ტურისტებთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადებაზე

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2023
გამოწერა
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადება, რომ საქართველოს გავლით ევროპაში რუსეთის მოქალაქეების უწყვეტი ნაკადი შევა, არის აბსურდი და სპეკულაცია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი ფრენები შეშფოთებას იწვევს არა მარტო იმის გამო, რომ შეიძლება მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმითაც, რომ ისინი საქართველოს იყენებენ ევროპაში გასამგზავრებლად. დეგნანის თქმით, ევროპამ კარი დაკეტა რუსებისთვის, რადგანაც ეს არის რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმი.

„ფრენებს რაც შეეხება, ერთ-ერთი ელჩისგან აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ. სასწაული თქვა: თითქოს იმიტომ არ უნდათ ეს ფრენები, რომ მათი გამოყენებით მეტი რუსი შევა ევროპაში. რუსეთის მოქალაქეს ვიზა სჭირდება იმისთვის, რომ შევიდეს ევროპაში ან აშშ-ში", – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის დღეში 1-2 რეისი სრულდება, მეზობელ ქვეყნებში – თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში 150-მდე ასეთი რეისი ხორციელდება. ამიტომაც უცნაურია, რომ ელჩი საფრთხეს კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში ხედავს.
„ასეთ დროს როდესაც საუბარია, რომ საქართველო გამოყენებული იქნება გვერდის ავლისთვის, რომ საქართველოს გავლით რუსეთის მოქალაქეების უწყვეტი ნაკადი შევა ევროპაში, ეს ხომ აბსურდია. ამ თემით სპეკულაციას თითიდან გამოწოვილიც არ ჰქვია", – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, რეალურად თითოეული ქვეყანა მაქსიმალურად ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე, იგივე ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან 200 მლრდ დოლარის მოცულობით ვაჭრობენ, საქართველო კი ამ თანხის 1%-საც კი არ იღებს.

„ჩვენ რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, ეს გამოიწვევდა მინიმუმ 2,5 მილიარდის დაკარგვას ჩვენი ქვეყნის მიერ. როგორ შეიძლება ასეთი ნაბიჯი გადადგა და საკუთარი ხელით დააზიანო საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესები? შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ამას ითხოვდა", – განაცხადა კობახიძემ.

2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. გაუქმების შემდეგ პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ 19 მაისს შეასრულა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა.
ყველა ახალი ამბავი
0