ჩოგბურთის ახალი კორტების მშენებლობაზე 5 მლნ ლარი დაიხარჯება

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2023
გამოწერა
აღნიშნული პროექტი დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა 2025 წლის 1 ივლისისთვის.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საუბარია თამარაშვილის ქუჩის №13-ში არსებულ 7.174 კვადრატულ მეტრ ფართობზე. კალაძის თქმით, ეს ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა. იქ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა უკვე მოქმედი ხელისუფლების პირობებში ყოფილი კორტების ტერიტორია მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა.

„2021 წელს გამოცხადდა აუქციონი, რომელიც მიზნად ისახავდა მიწის ნაკვეთზე საჩოგბურთო კორტების აღდგენასა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჯამში 5 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას. დღეის მდგომარეობით, მესაკუთრეს მოპოვებული აქვს სამშენებლო ნებართვა და იწყებს მშენებლობას", – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წარსულში სწორედ საჩოგბურთო კორტები იყო მოწყობილი. პროექტი დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა 2025 წლის 1 ივლისისთვის.
იპოდრომთან მდებარე ყოფილი ჩოგბურთის კორტების ტერიტორია 2021 წლის დეკემბერში აუქციონზე გაიყიდა. გამარჯვებული შპს „კორტები“ გახდა.
გამარჯვებულ კომპანიას გადაეცა საკუთრების უფლება და ვალდებულება – ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის ვადაში განახორციელოს 5 მილიონი ლარის ინვესტიცია, მოაწყოს არანაკლებ სამი საჩოგბურთო კორტი, ასევე მოაწყოს სპორტული დანიშნულების და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სივრცეები. კერძოდ, პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა 50-მეტრიანი საცურაო აუზი, ფიტნეს-კლუბი, კაფე და დასასვენებელი სივრცე.
აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგებას კახა კალაძე ადგილობრივ მოსახლეობას ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში დაჰპირდა. პროექტის განხორციელება 2019 წლიდან უნდა დაწყებულიყო.
ყველა ახალი ამბავი
0