დავითაშვილი: ანტირუსული სანქციების გვერდის ავლის თემით სპეკულირება უპასუხისმგებლობაა

© Government of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2023
გამოწერა
საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა, აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის თემაზე სპეკულაციები უპასუხისმგებლობაა იმ შეფასების გათვალისწინებით, რომელიც საერთაშორისო სპეცწარმომადგენლებმა თბილისში ვიზიტის შემდეგ გამოთქვეს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
გასულ კვირაში ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა თბილისში ვიზიტისას განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შეტანის თავიდან ასაცილებლად „საქართველოს ძალიან დიდი სამუშაო აქვს გაწეული". შემუშავდა კომპლექსური ღონისძიებები ექსპორტის და საფინასო სექტორის კონტროლისთვის.

„თქვენ მოისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების შეფასება თუ როგორ ხდება სანქციების გვერდის ავლის მცდელობების აღკვეთა და შესრულება საქართველოს ხელისუფლების მიერ. ეს არის უმაღლესი წარმომადგენლების ერთ-ერთი მკაფიო პოზიცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ასეთ გადაწყვეტილებებს და ოფიციალური პირების განცხადებებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ხელისუფლებამ აჩვენა, რომ საქართველო დასავლეთის საიმედო პარტნიორია სანქციების გვერდის ავლის აღკვეთაში და ქვეყანა ამისთვის მადლობას იმსახურებს, აღნიშნა მან.
ვიცე-პრემიერის თქმით, უპასუხისმგებლობაა ამ თემით სპეკულირება, მაგრამ ქართველ ოპოზიციონერებს უცხოელი პარტნიორები შეცდომაში შეჰყავთ.
„ამ თემით სპეკულირება უბრალოდ უპასუხისმგებლობაა, ხშირ შემთხვევაში ვხედავთ ასეთ პროცესებს, ოპოზიციონერებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. სამწუხაროა, მაგრამ ისევ საქართველოში პოლიტიკური ძალები ახერხებენ, შეცდომაში შეიყვანონ პარტნიორები, უცხოელები და ა.შ.“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
საქართველოს მიერ სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა, აღნიშნა მან.

„პირიქით, ჩვენს პარტნიორებს მოვუწოდებთ, მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ და ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ, ეს კარი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გახსნილია სანქციების შემოღების პირველივე დღიდან და ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან. ნებისმიერი ასეთი განცხადება კონკრეტულ ფაქტებს უნდა ეყრდნობოდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.
მიუხედავად ამისა, უკვე წელიწადზე მეტია ოპოზიციონერები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. „ქართული ოცნება“ კი, თავის მხრივ, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულებებს მოითხოვს.
ყველა ახალი ამბავი
0