ზურაბიშვილი: დეპოლარიზაციის საკითხი საქართველომ თავად უნდა გადაჭრას

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2023
გამოწერა
საქართველოს ახლა აქვს შანსი გაერთიანდეს ერთი საკითხის გარშემო და ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, განაცხადა პრეზიდენტმა
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. პოლარიზაციის შემცირება საქართველოში არ არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, არამედ ის შედგება პატარა ნაბიჯებისგან, რომლებსაც კონკრეტული შედეგი მოაქვს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა კონფერენციაზე თბილისში.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა.
„ჩვენ თუ გვგონია, რომ დეპოლარიზაციას მივაღწევთ იმიტომ, რომ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და მერე მეორე დღეს გავიღვიძებთ და უცებ ერთმანეთი შეგვიყვარდება, არ მოხდება ეს, არ განმუხტავს ეს ვითარებას იმიტომ, რომ შევალთ საარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ახლა აქვს შანსი გაერთიანდეს ერთი საკითხის გარშემო და ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება.
„თუ გაერთიანებული ვართ ამაზე, პოლიტიკური დაპირისპირების გამო არ უნდა გამოვიყენოთ ეს კანდიდატის სტატუსი, რომ ერთმანეთი ვლანძღოთ და გაუთავებლად გავხლიჩოთ ეს ქვეყანა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ქალთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა >>
ამასთან, პრეზიდენტის თვალსაზრისით, არ იყო შეცდომა ის, რომ საქართველომ გასული წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
„არ მიმაჩნია, რომ სტატუსის არ მოცემა შეცდომა იყო. მე, როგორც მოქალაქეს, მეწყინა, მაგრამ ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო გაფრთხილება, რომ თქვენ კიდევ მეტი უნდა გააკეთოთ“, - განმარტა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ახლა კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია არა მხოლოდ მთავრობაზე, არამედ საზოგადოებაზეც.
„ეს დამოკიდებულია მთავრობაზე, თუმცა არა მხოლოდ - არსებობს ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები. ყველას გვაქვს ჩვენი სათქმელი, რათა ბოლომდე დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. ეს პირობები, რეკომენდაციები არსად წავა. ეს რეალურად არის ის, რაც ჩვენ გჭირდება, რათა ქვეყანა საბოლოოდ გამოვიდეს საბჭოთა მენტალობიდან და სტრუქტურებიდან. ამიტომ, ეს ჩვენ გვჭირდება. ეს ჩვენთვის უნდა გავაკეთოთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საზოგადოების პოლარიზაციის ფონზე კიდევ ერთ გამოწვევას ძალადობის პრობლემა წარმოადგენს.
„ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ის, რაც დღევანდელ დღეს ხდება. მინდა გამოვეხმაურო ამ საკითხს, რომ ყოველივე ძალადობა არის სრულიად მიუღებელი, როცა ქვეყანას, როგორც ახსენეთ, გააჩნია ევროპული წარსული, ტოლერანტობის თავის უძველესი ტრადიცია და ევროპული მომავალი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს კულტურას ყოველთვის წარმოადგენდა ზრდილობა და ამაშია ქვეყნის ძალა. ძალადობა არის პირველი ნიშანი შიშის და სისუსტის, დასძინა მან.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
ყველა ახალი ამბავი
0