მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზელენსკი ნატოს სამიტზე არ წავა, თუ მის ლიდერებს გამბედაობა არ ეყოფათ

© AP Photo / Michal Dyjuk
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2023
გამოწერა
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ნატოს სამიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ მისი ლიდერები გამბედაობას გამოიჩენენ და კიევის პირობას დააკმაყოფილებენ, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მთავარმა დიპლომატიურმა მრჩეველმა იგორ ჟოვკვამ Reuters-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, კიევს სურს მიიღოს მიწვევა ნატოში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად და მოელის, რომ 11-12 ივლისის სამიტზე პასუხი გაეცემა ქვეყნის განაცხადს ალიანსში გაწევრიანების შესახებ, რომელიც უკრაინამ გასული წლის 30 სექტემბერს შეიტანა.

„ეს განაცხადი ახლა ნატოს მოკავშირე ლიდერების მაგიდებზე დევს. ვილნიუსის სამიტი ამ განაცხადზე პასუხის გაცემის კარგი დასაწყისი იქნებოდა. პასუხში ჩვენ ვგულისხმობთ ალიანსის წევრობაზე მიწვევას, რაც მხოლოდ პირველი ეტაპია“, — აღნიშნა ჟოვკვამ.

მისი განმარტებით, კიევი პროცედურის დაწყებას ითხოვს და, როგორც სააგენტო Reuters აზუსტებს, „რაღაც მომენტში მან მაგიდაზე მუშტიც კი დააბრახუნა თავისი თვალსაზრისის სიმტკიცის დასტურად“.

„პრეზიდენტი არ წავა სამიტზე, თუ ლიდერები გამბედაობის დეფიციტს გამოავლენენ. და ეს მაშინ, როდესაც უკრაინა მთელი სიმამაცით, ნებისყოფით, ძალითა და მაღალი საბრძოლო სულით იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, — თქვა მან.

როგორც ჟოვკვამ აღნიშნა, ზელენსკისთვის სამიტზე დასწრებას აზრი არ აქვს და პრეზიდენტს არც საამისო დრო ექნება, „თუ იქ შედეგი არ დადგება“.
მანამდე თავად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტზე დასწრებაში „აზრს ვერ ხედავს“, თუ კიევი „სიგნალს არ მიიღებს“.
როგორც დასავლური მედია წერს, ზელენსკის სამიტზე არყოფნა დასავლეთის ერთიანობის ნებისმიერ დემონსტრაციას დაჩრდილავს, თუმცა ეს თავად კიევსაც წაართმევს უკრაინის ყველაზე ერთგული მხარდამჭერების ლიდერებთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობას.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ვილნიუსში მხოლოდ ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ამასთან მინისტრმა უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნატოში ცალსახა პოზიციის არარსებობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ნატოში კიევის მიწვევის ყველა პირობა არსებობს, და თუ ალიანსი უკრაინის გაწევრიანებაზე „მტკიცე გადაწყვეტილებას არ მიიღებს“, მაშინ „შიშის ლოგიკა გაიმარჯვებს“.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0