საქართველოს ეკონომიკა სამ წელიწადში თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა - პრემიერი

© Government of Georgia courtesy of Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2023
გამოწერა
2023 წელს მშპ-ის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე 8,2 ათასი დოლარი იქნება, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა სამ წელიწადში თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას.
გამოსვლისას პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ბოლო ორ წელიწადში ძლიერ ეკონომიკურ ზრდაზე. დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,5%, 2022 წელს, წინასწარი მონაცემებით – 10,1%.

„ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 50 მილიარდი ლარი, 2021 წელს იყო 60 მლრდ, შარშან იყო 72 მილიარდი ლარი და წელს ველოდებით, რომ მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მილიარდი ლარი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, 2023 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით იქნება 8,2 ათასი დოლარი, მაშინ, როცა სამი წლის წინ, 2020 წელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 4,5 ათასი დოლარი.
გარდა ამისა, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საგრძნობლად შემცირდა ე.წ. საგარეო მოწყვლადობა.

„შარშან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-თან მიმართებით 6,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და ისტორიულ მინიმუმს – 4,1%-ს გაუტოლდა. ჩვენ თუ შევადარებთ 2012 წელს მშპ-თან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, რომელიც ორჯერ უფრო მაღალი იყო, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა", – განაცხადა პრემიერმა.

2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიდის, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
ყველა ახალი ამბავი
0