„დინამო არენას" მიმდებარედ 1 ივლისს ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

© photo: Sputnik / Stringerავტომობილების „საცობი" თბილისში
ავტომობილების „საცობი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2023
გამოწერა
საფეხბურთო მოედნის მიმდებარედ ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვა 1 ივლისს დაგეგმილ საქართველო–ისრაელის მატჩს უკავშირდება.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. უეფას 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში 1 ივლისის 14:00 საათიდან 24:00 საათამდე, „დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
„ევრო 2023"-ის მეოთხედფინალში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (U21) 1 ივლისს „დინამო არენაზე" ისრაელის გუნდს დაუპირისპირდება.
ღონისძიების პერიოდში სლავა მეტრეველის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილებას მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებენ, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე კი მოძრაობა სრულად აიკრძალება. გზის მარცხენა, სტადიონის მხარე განკუთვნილი იქნება მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის, საპირისპირო მხარეს განლაგებული პარკინგით კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ისარგებლებენ.
აკაკი წერეთლის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ გიორგი ცაბაძისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, შემდეგ მოუხვევენ მარჯვნივ და დავით აღმაშენებლის გამზირის, მურმან ლებანიძისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან.
რაც შეეხება წერეთლის გამზირიდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ წერეთლის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის, თამარ მეფის გამზირისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.
ალტერნატიული გზის გამოყენების შემთხვევაში დავით ყიფიანის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტი ბათუმის ქუჩის ან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით იმოძრავებს.
წერეთლის გამზირზე გზის მარცხენა, სტადიონის მხარე განკუთვნილი იქნება ფეხით მოსიარულეთათვის, საპირისპირო მხარეს კი ავტომობილები ორმხრივად გადაადგილდებიან.
შეზღუდვის პერიოდში დავით ყიფიანის, გიორგი ცაბაძისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე განთავსებული საზოგადოებრივი ავტოსადგომები დაეთმობა ტურნირის მონაწილეებს, რის გამოც შეზღუდვის პერიოდში მოქალაქეები ავტოსადგომებით სარგებლობას ვერ შეძლებენ.
ამ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, მერიის ვებ-გვერდზეა მოცემული.
ყველა ახალი ამბავი
0