ძმადნაფიცების ხელით მოკლული ფშაველი: ამბავი მიხა ხელაშვილისა და მისი შურისმაძიებელი დისა

© courtesy of Shota Qacanashviliფშავი, მათურხევი
ფშავი, მათურხევი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2023
გამოწერა
იშვიათია ქართველი, რომელსაც ერთხელ მაინც არ სმენია ფშაველი მელექსე მიხა ხელაშვილის „ლექსო, აღმოგთქომ ოხერო“, „ბინდისფერია სოფელი“ თუ სხვები. სწორედ ეს ფშაველი ვაჟკაცია ავტორი საყოველთაოდ ცნობილი სტრიქონებისა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ხალხურად მიიჩნეოდა...
მიხა ხელაშვილი კარგი მოსაუბრე და მოსიმღერე, მიმზიდველი გარეგნობისა და დახვეწილი ქცევის კაცი ყოფილა. ტყეში გასულს ორი-სამი დღეც რომ ეშიმშილა, საჭმელს არავის სთხოვდა, მწყემსები თუ მგზავრები თვითონ აწვდიდნენ, თურმე, საკვებს.
აღნაგობითა და ძალ-ღონით, ჩუბინობითა და მოლექსეობით გამორჩეულმა დიაკვანმა თავისდაუნებურად დაჩრდილა ახალგაზრდა ჩარგლელები და მოქიშპეებიც გაიჩინა.
მაშინდელ კომისარ ალექსი მისრიაშვილს, მიხას კარგ მეგობარს, თურმე, არაერთხელ გაუფრთხილებია იგი ჩარგლელებისგან მოსალოდნელი ღალატის თაობაზე, მაგრამ არ დაუჯერა მიხამ, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა ბოლოს.
© National Library of Georgiaმიხა ხელაშვილი
მიხა ხელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2023
მიხა ხელაშვილი
არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა სოფლის ახალგაზრდა დიაკვნის ბედი, რომ არა საქართველოს გასაბჭოება. მიხა ხელაშვილი იძულებული გახდა, ანაფორა გაეხადა და ტყეში გავარდნილიყო ყაჩაღად. ამის საბაბი კომისარ კოლა ჯაგნელიძესთან შეჯახება გამხდარა.
ერთ დღეს მილიციელებს ყორუღის მახლობლად ადგილობრივ ქალებთან ლაზღანდარობა დაუწყიათ. მიხა დედაკაცებს გამოსარჩლებია, კომისრისთვის უთქვამს, შენ და შენი მილიციელები წესრიგის დაცვის მაგივრად უწესობას სჩადიხართ, ქალებთან რა ხელი გაქვთ უცხო ხალხსო!
ამ ამბავს ვაჟა-ფშაველას შვილი ლევან რაზიკაშვილი შესწრებია და იმ დღეს სწორედ მისი ძალისხმევით არ დაღვრილა სისხლი. მაგრამ ჯაგნელიძე ცუდად გადაჰკიდებია ფშაველ დიაკვანს. მილიციელების რაზმით მიხას სოფელს დასხმია თავს, მისი ხელში ჩაგდება უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა და გამწარებულს სოფელი დაურბევია. დიაკვანსაც „მაუზერი“ აუღია და ტყისთვის შეუფარებია თავი.
ერთ დღესაც ჩარგლის სოფლის საბჭოში შეჭრილა და კედელზე აკრული მილიციელისთვის იარაღი მოუღერებია, კაბინეტის კარი გამიღეო. ის კიდევ ისე დამფრთხალა, ხელები აჰკანკალებია და ვერა და ვერ მოურგია გასაღები ბუდისთვის. მაშინ მიხას კარი შეუმტვრევია, კარადები გადაუყირავებია, ლენინის სურათი ჩამოუგდია და ფეხით გაუთელავს, მერე საბჭოს შენობის სახურავზე ასულა და დამოუკიდებელი საქართველოს სამფეროვანი დროშა აუფრიალებია.
ვერც იმ ჯერზე მოიხელთეს „ყაჩაღი“, მისი ოჯახი კი არაერთხელ დაარბიეს და ააწიოკეს. ისინიც აიყარნენ და მშობლიური სოფლიდან გაიხიზნენ.
მაგრამ მილიციელებს ხელაშვილებზე ნადირობა არ შეუწყვეტიათ. მიხას დასა და სიძეს ვერსად მიაგნეს, დედას კი ხოდისკენ მიმავალს გადააწყდნენ და დაუნდობლად გაუსწორდნენ — წამებით მოკლეს მოხუცი ქალი.
კომისარმა ალექსი მისრიაშვილმა ძმადნაფიცს შეატყობინა, ჯაგნელიძე 60 მილიციელით გიპირებს თავდასხმას და მანდაურობას გაერიდეო. მაგრამ მიხა ხელაშვილი კი არ გაერიდა, იქით მიუხტა ჯაგნელიძეს.
გამთენიისას მდინარე მაღაროულაზე პირის დასაბანად ჩასულ კომისარს თავს წასდგომია და, კიდევ დამდევო, შეუძახია. დაგდევ და კიდევაც დაგცემო, უთქვამს ჯაგნელიძეს და „მაუზერისკენ“ წაუღია ხელი. მაგრამ გააბრაგებულ დიაკვანს დაუსწრია და ტყვია დაუჭედებია შუბლში.
მიცვენილან სროლის ხმაზე მილიციელები, მაგრამ მიხას მათთვისაც აუყრია იარაღი და დამფრთხლებს გაქცევით უშველიათ თავისთვის.
1922 წლის შემოდგომაზე მიხა ხელაშვილი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის რაზმს შეურთდა. ქაქუცას გამორჩეულად ჰყვარებია ფშაველი დიაკვანყოფილი და მელექსე, ძალიან ენდობოდა თურმე.
ორი წელი დაჰყო მიხა ხელაშვილმა „შეფიცულებში“. მერე კი, როცა დამარცხებული ქაქუცა თანამოაზრეებთან ერთად საზღვარგარეთ გადაიხვეწა, მიხა და ლევან ხავაზური კახეთში დარჩნენ — სამშობლოში სიკვდილი ამჯობინეს უცხოობაში სიცოცხლეს. ერთხანს შირაქსა და ცივგომბორს აფარებდნენ თავს, მერე მიხას ჩარგლისკენ გაუწია გულმა, მცირე ხნით იქ წასვლა გადაწყვიტა.
© National Parliamentary Library of Georgiaწინა პლანზე - მიხა ხელაშვილის მკვლელები. სხედან (მარცხნიდან): ვახტანგ რაზიკაშვილი, ლევან გარსევანიშვილი და ლუკა მარცვალაშვილი
წინა პლანზე - მიხა ხელაშვილის მკვლელები. სხედან (მარცხნიდან): ვახტანგ რაზიკაშვილი, ლევან გარსევანიშვილი და ლუკა მარცვალაშვილი    - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2023
წინა პლანზე - მიხა ხელაშვილის მკვლელები. სხედან (მარცხნიდან): ვახტანგ რაზიკაშვილი, ლევან გარსევანიშვილი და ლუკა მარცვალაშვილი
ფოტოს უკანა მხარეს მიხას ქალიშვილის, თამარ ხელაშვილის მინაწერი აქვს (სტილი დაცულია): „ეს სურათი მიხას მოკვლის შემდეგ არის გადაღებული. წინა პლანზე მკვლელებია, დაბლა რო სხედან. ვახტანგია პირველი, თეთრი სამოსით. მეორე გარსევანიშვილი ლევანია, მესამე ლუკა მარცვალაშვილია — ლუკა, ვის ბინაშიც მოკლეს მიხა. ზემოთ მაშინდელი კომკავშირული აქტივია, ვინც იმ ღამეს ჩარგალში იყვნენ მილიციად. შიგნით პატიმრებია, უცხოები — ფანჯრის შიგნით“.
ცოლ-შვილი ენატრებოდა აბრაგს, მაგრამ ვერ ნახულობდა დაჭერისა და მოკვლის შიშით. ერთხელაც მიხას შეუთვლია ცოლისთვის, ბავშვი ნახნავში დასვი და მე დურბინდით შევხედავ, როგორი გვყავსო. ქალსაც გაუყვანია ბავშვი, ნახნავში დაუსვამს და თავად ცოტა ხნით გარიდებია. ასე გაუცვნია მიხას საკუთარი შვილი. ერთხანს უყურებია, მერე, გული რომ უჯერებია შორიდან ლაციცით, წასულა და მას შემდეგ თვალიც აღარ მოუკრავს ოჯახისთვის.
მთავრობამ დიდი ჯილდო დააწესა მიხა ხელაშვილის მოკვლისთვის — კარგი იარაღი, სამსახური, 100 მანეთი და ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლება. მაგრამ ვინ გაბედავდა, რომ სახელგანთქმულ ჩუბინს გზად გადაღობებოდა...
როცა ამ მეთოდმა არ გაჭრა, მთავრობამ ციხის შიგნიდან გატეხვის ხერხს მიმართა და ხელაშვილის „ერთგულ მეგობარს“, ჩარგლელ ლუკა მარცვალაშვილს გაურიგდა.
1925 წლის 25 იანვარი იყო, მიხას დაბადების დღე. მეორე დილით მთიულეთის გავლით ჩეჩნეთში უნდა გადასულიყო ხელაშვილი და ძმაკაცებმა გამოსამშვიდობებელი ქეიფი მოუწყვეს. მიხასაც დაულევია და დასაძინებლად მალე წასულა – ხვალ ადრე უნდა დავადგე გზასო. მარცვალაშვილს ძმადნაფიცი სახლიდან მოშორებით, საბძელში დაუწვენია, აქაოდა, სახლს თუ დაეცემიან თავს, გაქცევას მოასწრებო.
მოკლედ, მიხას მოსაკლავად ყველაფერი კი უღონია, მაგრამ მაინც ვერ მოუკლავს. მაშინ საქმეში მეორე ძმადნაფიცი, ლევან გარსევანიშვილი ჩარეულა და მძინარე კაცი მუხანათურად გამოუსალმებია სიცოცხლისთვის. ამ მკვლელობაში მონაწილეობა კიდევ ერთ ჩარგლელს — ვახტანგ რაზიკაშვილსაც მიუღია.
მეორე დღეს მიხა ხელაშვილის ცხედარი მარხილზე დადეს და დუშეთში ჩაიტანეს, მილიციის შენობის წინ დააგდეს ხალხისთვის საჩვენებლად და დასაშინებლად. რამდენიმე ხანს იქვე დატოვეს, მერე კი თხრილში გადააგდეს. არავის ანებებდნენ მის დაკრძალვას.
მიხას დამ და სიძემ ხევსური მილიციელის დახმარებით მოიპარეს მიხას ლამის ბოლომდე გახრწნილი ნეშტი, ჩარგალში აიტანეს და ფარულად დამარხეს დედის საფლავის თავთით, წმიდა გიორგის ეკლესიის გალავანში.
მთავრობამ მიხას მკვლელებისთვის ჯილდო ვეღარ გაიმეტა, დაპირებული 100 მანეთი არ გადასცა. მხოლოდ თოფი აჩუქეს ლევან გარსევანიშვილს, ეს იყოდა ეს, დანარჩენები მშრალზე დატოვეს...
მიხას დამ კი მანამ არ მოისვენა, სანამ ძმის მკვლელ გარსევანიშვილს ბოლო არ მოუღო — ქალმა მისი მკურნალი ექიმი მოისყიდა და პაციენტი მოაწამლინა. ხოლო შირაქში, ტარიბანაში გაქცეულ მარცვალაშვილს ხელაშვილის ძმადნაფიცმა გოგია ჭიჭოშვილმა აუგო წესი — მან აიღო მიხას სისხლი.
რაც შეეხება მესამე გამყიდველს, ვახტანგ რაზიკაშვილს, წამებად იქცა მისი სიცოცხლე — ავადმყოფობით გამწარებულს სიკვდილი გაუხდა სანატრელი...
ყველა ახალი ამბავი
0