ვანდალიზმი თბილისში: მეტეხის ხიდის მიმდებარედ ათობით სურო ძირში გადაჭრეს

© Tbilisi City Hall პანდუსის კედელზე ათობით სურო გადაჭრეს
პანდუსის კედელზე ათობით სურო გადაჭრეს - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2023
გამოწერა
დედაქალაქის მერმა მოსახელობას მოუწოდა, ყველამ იზრუნოს და გაუფრთხილდეს ქალაქს.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. მეტეხის ხიდის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ძირში გადაჭრეს ათობით სურო, რომელიც პანდუსის კედელს ალამაზებდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დედაქალაქის მერმა ქალაქში გახშირებულ ვანდალიზმის ფაქტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვანდალიზმის გახშირებულ ფაქტებს ყველა ერთად უნდა ებრძოლოს.

„გულდასაწყვეტია, როცა კონკრეტულ სივრცეებს, ინფრასტრუქტურას აზიანებენ, ანადგურებენ. ხშირ შემთხვევაში ამას პატარები, ახალგაზრდები აკეთებენ, რასაც უფროსები გულგრილად უყურებენ. ეს საერთო პრობლემაა, რომელსაც ერთად უნდა ვებრძოლოთ. ახალგაზრდებს ავუხსნათ, რომ ეს ყველაფერი მათი საკუთრებაა და მოქალაქეების განტვირთვისა და დასვენებისთვის კეთდება", – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, ქალაქში გამონაბოლქვის თვალსაზრისით არსებული პრობლემის მოსაგვარებლად თითოეულ გამწვანებულ არეალს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.
„ქალაქში დაახლოებით 600 ათასი ავტომანქანა მოძრაობს, რომელთა დიდი ნაწილი არის ძველი, 15 წლის ზემოთ. ასევე დიდ ნაწილს კატალიზატორი საერთოდ არ აქვს და გამონაბოლქვის თვალსაზრისით უდიდესი პრობლემა გვაქვს. შესაბამისად, თითოეულ ხეს, პარკს, რეკრეაციულ სივრცეს, გამწვანებულ არეალს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია", – აღნიშნა თბილისის მერმა.
კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, ყველამ იზრუნოს და გაუფრთხილდეს ქალაქს.
15 მაისიდან მერიის აპლიკაციის მეშვეობით ვანდალიზმის 3 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა>>
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა ახლახან მესამე მოსმენით მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ვანდალიზმისთვის 300-500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
ცვლილებების მიღებამდე ვანდალიზმი ადმინისტრაციულ სასჯელს არ ითვალისწინებდა. სისხლის სამართლის სამართალდარღვევად კი 150 ლარზე ზემოთ ღირებულების სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონების დაზიანება ან განადგურება ითვლებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა საერთოდ არ ეკისრებოდა.
ცვლილებები ძალაში შევა პრეზიდენტის ხელმოწერისა და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0