ფასიანი პარკირების არეალი ფართოვდება - რომელი ქუჩები ემატება ზონალურ-საათობრივ სისტემას

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliფასიანი სადგომი
ფასიანი სადგომი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2023
გამოწერა
დედაქალაქში ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ზონალურ-საათობრივი პარკირება 1 ოქტომბრიდან დამატებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კერძოდ, 1 ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება ქუჩებზე: ჩუღურეთის რაიონში – ივანე ჯავახიშვილის ქუჩა, ზაარბრიუკენის მოედანი, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩები და მიმდებარე ტერიტორია; მთაწმინდის რაიონში – ლაპიაშვილის ქუჩა, ჭოველიძისა და ჯანაშიას ქუჩები და მიმდებარე ტერიტორია; ვაკის რაიონში – კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორია.
კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლების (პარკირების ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის), შშმ პირების, ელექტრომობილების მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.

„სხვა შემთხვევაში სტანდარტული ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის განმავლობაში. ასევე შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ", – აღნიშნა კახა კალაძემ.

ადგილობრივი მცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას საინფორმაციო ჯიხურებში 1 სექტემბრიდან შეძლებენ.
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. პირველ ჯერზე იგი კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის მოედანზე ამოქმედდა. მოგვიანებით აღნიშნული სისტემა თბილისის სხვა ქუჩებზეც გავრცელდა.
ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.
ყველა ახალი ამბავი
0