ივანე ჩხაიძე: შავ ზღვაში მკვეთრი ცვლილებები შეინიშნება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგაფრთხილება: ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი
გაფრთხილება: ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2023
გამოწერა
კვლევების მიხედვით, ამჟამად საქართველოში ზღვის წყლის ხარისხი დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ შავი ზღვის აუზში მკვეთრი ცვლილებები შეინიშნება, განაცხადა იმუნიზაციის სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარის“ ეთერში.
შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა. თუმცა, აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას.

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ამ კატასტროფის ზეგავლენაზე, აქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ზღვაზე მტკნარი წყლის ზეგავლენაზე. ოდესის გარშემო ზღვის მარილიანობის მაჩვენებელი სამჯერ არის შემცირებული ადრეულ პერიოდთან შედარებით, რაც დიდი საფრთხეა ეკოსისტემისთვის“, – განაცხადა პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.

მედიკოსმა ასევე დაასახელა ის ნივთიერებები, რომლებიც შავ ზღვაში მოხვდა – ეს არის ბენზინი, ზეთი, მინერალური სასუქები, რომლებსაც ზღვის სისუფთავის ხარისხის მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლიათ.
ჩხაიძის თქმით, ახლა საქართველოს ტერიტორიაზე ზღვის წყლის ხარისხი შეესაბამება დადგენილ ნორმებს, და მან იმედი გამოთქვა, რომ კახოვკის ჰესის დანგრევის შედეგები საქართველომდე ვერ მოაღწევს.
„მაგრამ სიფრთხილე, რა თქმა უნდა, აუცილებელია და პირველ რიგში შავი ზღვის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
სპეციალისტის თქმით, დაბინძურებულმა წყალმა შესაძლოა ინფექციური დაავადებების გავრცელება გამოიწვიოს.
ამასთან, ექიმმა აღნიშნა, რომ ზღვის წყალს აქვს თვითგაწმენდის თვისება და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო შორს არის შემთხვევის ადგილიდან, არსებობს იმედი, რომ ეს პროცესი ქვეყანაზე მინიმალურად აისახება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ქართველი სპეციალისტები შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ცხრა სადგურზე ათ დღეში ერთხელ განახორციელებენ.
კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.
აღებული სინჯები გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით.
ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიღებისთანავე მონაცემები საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.
როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ცოტა ხნის წინ კვლევები ჩატარდა რამდენიმე მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები.
ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგი სარფი–ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში ჩატარდა: ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორია და მწვანე კონცხი. ნიმუშები ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსშია აღებული.
ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.
როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.
ყველა ახალი ამბავი
0