საჭიროა მხარდაჭერა და არა ლობირება: ირაკლი კობახიძე კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2023
გამოწერა
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ევროკავშირმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ამიტომაც ქვეყანას ყველა ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„რადიო თავისუფლება" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები ერთდროულად დათანხმდებიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ დეკემბერში უნდა გამოიტანოს, თუ ოდნავ მაინც იქნება ობიექტური, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, წესით არავითარი განსაკუთრებული ლობირება არ უნდა გვჭირდებოდეს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, თითოეული ქვეყნის მხარდაჭერას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა", – განაცხადა კობახიძემ.

კანდიდატის სტატუსის მისაღებად 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო და, კობახიძის თქმით, არსებობს იმის ალბათობა, რომ საქართველოს უარს ეტყვიან „გლობალური ომის პარტიის" გამო. მმართველი პარტიის ლიდერების მტკიცებით, ესენი არიან უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ.

„საინტერესოა ის, რომ 27 ქვეყანა კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებას ამ თემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერაა საჭირო. ასეთ დროს ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ „გლობალური ომის პარტიაზე", რომელსაც შეიძლება კვლავაც ჰქონდეს ინტერესი, რომ ჩვენ არ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი", – განაცხადა კობახიძემ.

„გლობალური ომის პარტიისთვის" ევროკავშირში მანიპულირება ძალზე ადვილია და რომელიმე ქვეყნის უარის გამო, შესაძლოა, სტატუსი არ მოგვენიჭოს, განაცხადა პოლიტიკოსმა.
ასეთ პირობებში უნგრეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნა კობახიძემ.

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ გლობალური კონტექსტიც ხელს შეუწყობს ჩვენ სასარგებლოდ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას. ეს არის ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ასეთი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან იგი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერთა შორის, რომელსაც უსამართლოდ არ მიენიჭა სტატუსი.

„რაც მეტი ქვეყანა გამოვა ამ უსამართლობის წინააღმდეგ და მოითხოვს მის აღმოფხვრას, მით უკეთესი. ვფიქრობ, ჩვენ ყველა მივესალმებით ამას", – განაცხადა პაპუაშვილმა.

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე წლის ბოლოს ელოდება.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. დეოლიგარქიზაციის მიმართულებით მიაღწია შეზღუდულ პროგრესს და ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ 12-ვე პირობა შესრულებულია.
ყველა ახალი ამბავი
0