მერიამ ბინა ერთ ლარად კიდევ 66 ოჯახს გადასცა

© photo: Sputnik / Stringerხედი თბილისზე
ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2023
გამოწერა
თბილისის მერია დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების პრობლემის მოგვარებას განაგრძობს.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ იმ 66 ოჯახს გადაეცა, რომლებიც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ, იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, მათგან 56 ოჯახი სამგორის რაიონში ცხოვრობს, ხოლო 10 – კრწანისის რაიონში. წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები ამ ოჯახებს სიმბოლურ 1 ლარად გადაეცათ.
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები მათ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა.

„დღეს 66 ოჯახი გავაბედნიერეთ, რაც ჩემთვისაც ძალიან სასიხარულოა, როგორც ქალაქის მერისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის", – განაცხადა თბილისის მერმა.

წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო.
„დღეის მდგომარეობით 3 ათასამდე ოჯახი გვყავს დაკმაყოფილებული, რომელსაც საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადაეცა. ცხადია, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც აწუხებს ეს საკითხი", – განაცხადა კალაძემ.
ქალაქის მერის თქმით, მათ, ვისაც დაუკანონებელი ფართები აქვთ, უნდა მიმართონ თავისივე რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ.

„ჩვენი თანამშრომლები ყველანაირად დაეხმარებიან და აუხსნიან, თუ რა საბუთებია შესაგროვებელი იმისთვის, რომ შემდეგ მოხდეს აღნიშნული ფართების დაკანონება", – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივით მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდნენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად უკანონებს.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა.
ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
ყველა ახალი ამბავი
0