თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე: დაკავებულია საქმის გამომძიებელი

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2023
გამოწერა
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ დაკავებულმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა და გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებულ გარკვეულ გარემოებებზე ისაუბრა
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გახმაურებული საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ გამომძიებელმა განაცხადა, რომ გოგონას ტელეფონი, რომელიც თავის დროზე საქმეში მთავარი სამხილი იყო, ამოღების შემდეგ არ დაილუქა და მასში არცერთი პირადი შეტყობინება არ ყოფილა 15 ივლისის შემდეგ. ტელეფონში შენახული იყო მხოლოდ მისი მოთხოვნები ინტერნეტში, რომლებიც გამოძიებამ შეაფასა, როგორც დაგეგმილი თვითმკვლელობის მტკიცებულება.
„პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2023 წლის 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, დაკავებულმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებული გარკვეული გარემოებების შესახებ.
ინტერვიუს მიმდინარეობის დროს გაცხადებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება.
სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ბრალდებულმა ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბაჩალიაშვილის საქმე - გომელაურს გამომძიებლის ჩვენებებში ეჭვი ეპარება >>
ინტერვიუს მიმდინარეობისას, ისევე როგორც სასამართლოში დაკითხვის დროს, ბრალდებულმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის შემდგომ, საქმეზე გამოძიება უშუალოდ მან დაიწყო.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2020 წლის 19 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოში.
„მოცემული მომენტისთვის ბრალდებული პოლიციის ხსენებულ განყოფილებაში საერთოდ არ მუშაობდა და სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო არა ბრალდებულმა, არამედ გამომძიებელმა ჯიმშერ აფციაურმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის დღეს, დაახლოებით 16:00-16:30 დროის პერიოდში, სანამ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდებოდა, მასთან გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ტელეფონი დაულუქავ მდგომარეობაში მოუტანა.
ბრალდებულის მონათხრობით, თითქოს, ელგუჯა აპუაშვილმა მას ასევე გადასცა ლუქი და უთხრა, რომ ბრალდებულს უნდა დაელუქა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი.
საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან, სხვა ნივთებთან ერთად, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი საგამოძიებო მოქმედებაში არ მონაწილეობდა.
თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, საქმე დახურულია – პროკურატურა>>
უფრო მეტიც, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას უწვეტად მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედების პროცესის ვიდეოგადაღება, ასევე განხორციელდა ადგილმდებარეობის და შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება. ვიდეოჩანაწერში ნათლად და მკაფიოდ ჩანს, რომ გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი არ მონაწილეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში.
გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ექსპერტი, რომელმაც 2020 წლის 23 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონიდან ნიმუშები აიღო.
გარდა ამისა, ბრალდებულმა სატელევიზიო ინტერვიუში და სასამართლოში მიცემული ჩვენებისას განმარტა, რომ მან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხა იმ კომპანიის თანამშრომლები, სადაც დასაქმებული იყო თამარ ბაჩალიაშვილი. მას წინასწარ განუსაზღვრეს ის კითხვები, რომლებიც უნდა დაესვა მოწმეებისთვის. ბრალდებულის განმარტებით, მან გამოკითხა კომპანიის 4-6 თანამშრომელი.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმიდან ამოღებულ იქნა კომპანია „ზეგის“ თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რომელთა მიხედვით დადგინდა, რომ არცერთი მათგანი არ არის შედგენილი ბრალდებულის მიერ.
მიუხედავად ამისა, გამოძიების ფარგლებში ხელახლა გამოიკითხა აღნიშნული კომპანიის ყველა, 45-ვე თანამშრომელი, რის შედეგადაც კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ ბრალდებულს არც ერთ მათგანთან არანაირი შეხება არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილშიც, დაკავებულმა, სასამართლოს, მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნით, 2020 წლის 29 ივლისს, გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს. ამის შემდგომ ოჯახმა მოითხოვა საქმის გადაცემა პროკურატურისთვის, რაც ასევე დაკმაყოფილდა და 2020 წლის 17 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმე გადაეცა თბილისის პროკურატურას.
საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, პროკურატურის გამომძიებლების მიერ ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა.
დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეო ჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში. სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით სოციალურ ქსელებიდან გამოთხოვილი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია.
რაც შეეხება დაკავებულს, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული დაახლოებით 1500 საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებიდან, მის მიერ მოწმის სახით გამოკითხულია სამედიცინო ექსპერტი და გამომძიებელი, ასევე, მან თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, შეადგინა 11 ნიმუშის აღების ოქმი, 2 ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, 4 დათვალიერების ოქმი და 2 ამოღების ოქმი. სხვა საგამოძიებო მოქმედებები ხსენებულ პირს თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეში არ ჩაუტარებია.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა პერიოდში ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებს. მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
წყარო - პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0