რა შემოსავალი მიიღეს მაუწყებლებმა რეკლამის განთავსებით - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Sergey Venyavskiy / გადასვლა მედიაბანკშიტელევიზორები მაღაზიაში
ტელევიზორები მაღაზიაში - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2023
გამოწერა
გასულ წელს წამყვანმა ქართულმა ტელეკომპანიებმა სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევისთვის გაფრთხილებები და ჯარიმები მიიღეს.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. 2022 წელს მაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 79,9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 73,6 მილიონი სატელევიზიო კომერციული რეკლამის, 6,3 მილიონი კი – რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალია, განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.
რაც შეეხება პოლიტიკურ რეკლამას, გასულ წელს წამყვანმა ქართულმა ტელეკომპანიებმა სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევისთვის გაფრთხილებები და ჯარიმები მიიღეს.
„2022 წლის მონაცემებით, სპონსორობისა და პროდუქტის ეთერში კანონდარღვევით განთავსების გამო კომისიამ „TV პირველი“, „ტელეიმედი“, „აგრომედია“ და „სეზონი TV“ წერილობით გააფრთხილა. ხოლო პოლიტიკური რეკლამის არასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ გაფრთხილება მიიღეს, „მთავარ არხს“ კი ფინანსური ჯარიმა დაეკისრა, ვინაიდან ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევა უკვე ჰქონდა ჩადენილი“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.
ბექაურის თქმით, სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა ლახავს მაყურებლის უფლებებს, ვინაიდან წამყვანების მიერ პროდუქტის მახასიათებლებსა და უპირატესობებზე გადაჭარბებული ხაზგასმისას, შეუძლებელი ხდება რეკლამისა და გადაცემის შინაარსის ერთმანეთისაგან გამიჯვნა.
„გამომდინარე იქიდან, რომ სარეკლამო წესების დარღვევა 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდა, კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად დაიწყო კვლევა, რომლის მიზანია, შევისწავლოთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და მივიღოთ შესაბამისი ზომები, რათა მაყურებლის უფლებები იყოს დაცული“, - აღნიშნა ბექაურმა.
ბექაურის თქმით, სარეკლამო წესების დარღვევა სარეკლამო საქმისთვისაც დამაზიანებელია, რადგან დამკვეთები პროდუქტის განთავსებაში თანხის გადახდას ანიჭებენ უპირატესობას და შედეგად, კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლებიც მცირდება.
ბექაურის თქმით, ტრანზიტული მაუწყებლობის აბონენტების რაოდენობამ 2022 წელს 755 ათასი შეადგინა, ბოლო ხუთი წლის მონაცემებით კი აბონენტთა რაოდენობის საშუალო წლიური ზრდა 2,1%-ს შეადგენს. თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ, გასული წლის მონაცემებით, IPTV ტექნოლოგია კვლავ ტრანზიტული მაუწყებლობის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა და მისი წილი 81,3%-ს შეადგენს.
გასულ წელს ქვეყანაში 116 ავტორიზებული ტელემაუწყებლობის არხი და 43 ლიცენზირებული რადიომაუწყებელი იყო რეგისტრირებული.
ყველა ახალი ამბავი
0